ექიმი, იაშვილის კლინიკის სამედიცინო დირექტორი, ივანე ჩხაიძე ფორმულასთან ამბობს, რომ სინოფარმი ასტრაზენეკასა და ფაიზერის ვაქცინებისგან იმით გამოირჩევა, რომ ჩინური ვაქცინის შემთხვევაში არასდროს გამოვლენილა ანაფილაქსიური შემთხვევა ან სხვა მძიმე გვერდითი მოვლენა.
ჩხაიძე ამბობს, რომ ეს ვაქცინა სწორედ ამით განსხვავდება ფაიზერისა და ასტრაზენეკასგან.
"როგორც მწარმოებლის მიერ ჩვენთვის ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაცით, ისე სხვადასხვა წყაროების მიხედვით, გვერდითი მოვლენები არ სცილდება ლოკალურ და საშუალო სიმძიმის გვერდით მოვლენებს.
ლოკალური მოვლენაა მტკივნეულობა ვაქცინის შეყვანის ადგილას, შეშუპება, შეწითლება. შესაძლებელია ასევე ცხელება, თავის და კუნთების ტკივილი. ეს აბსოლუტურად ყველა ვაქცინას აქვს ანალოგიური გვერდითი მოვლენები.
500 ათას ადამიანზე ჩატარებული კვლევით, სინოფარმის ვაქცინის შემთხვევაში არ გამოვლენილა ანაფილაქსიური რეაქცია ან რამე სხვა სერიოზული გვერდითი მოვლენა.
შესაბამისად, გვერდითი მოვლენების მიხედვით, ეს ვაქცინა გამოირჩევა ასტრაზენეკასა და ფაიზერისგან. ყველაზე ნაკლებად იწვევს გვერდით მოვლენებს". - თქვა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, როგორც ფაიზერი, ისე ასტრაზენეკა და სინოფარმი 100%-ით იცავს ადამიანს კორონავირუსის მძიმე შემთხვევებისგან.
"თუ სინოფარმს შევადარებთ ფაიზერს და ასტრაზენეკას ვაქცინებს, მათი ეფექტურობა ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად არ განსხვავდება. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია 70%-ზე მეტ ეფექტურობას თვლის კარგ მაჩვენებლად. სამივე მათგანის ეფექტურობა 70%-ს აღემატება.
სამივე ვაქცინა, როგორც ფაიზერი, ისე ასტრაზენეკა და სინოფარმი 100%-ით იცავს მძიმე შემთხვევებისგან". - უთხრა ივანე ჩხაიძემ ფორმულას.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, 28 აპრილის დილის მონაცემებით 6700-ზე მეტმა ადამიანმა გაიარა რეგისტრაცია ჩინურ ვაქცინა სინოფარმზე 15 მაისამდე. აქედან, თბილისში რეგისტრირებულია 4500-მდე პირი.
თბილისში ჩინურ ვაქცინაზე, სინოფარმზე სარეგისტრაციო ადგილები 2 საათში სრულად შეივსო. რეგისტრაცია გუშინ, 27 აპრილს 20:00 საათზე დაიწყო, 22:00 საათის მონაცემებით კი არც ერთი თავისუფალი ადგილი აღარ იყო.
ჩინური ვაქცინით აცრა 4 მაისიდან დაიწყება და 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება, ამის შემდეგ კი რეგისტრაციის მეორე ეტაპი დაიწყება.
საქართველოს სინოფარმის 100 000 დოზა აქვს შეძენელი. დღეს გამართულ საბჭოზე ცნობილი გახდა, რომ კონკრეტულად, ჩინური ვაქცინით აცრას 18 წელს ზემოთ ნებისმიერი მოქალაქეებიც შეძლებენ. სინოფარმს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ავტორიზაცია ჯერ კიდევ არ აქვს. მათი საბოლოო გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, 29 აპრილს გამოცხადდება.
ნახეთ, რა ვიცით ჩინურ სინოფარმზე.