საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
პრემიერის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში კორონავირუსი გამოვლინდა, ჯანდაცვის სისტემა მზად არის მას გაუმკლავდეს.
„ჯანდაცვის სამინისტრო არის მაკოორდინირებელი ორგანო კორონავირუსთან დაკავშირებით. ამიტომ, მინდა სხვა უწყებებსაც ვთხოვო, რომ ჯანდაცვის უწყებასთან სრულ კოორდინაციაში იყონ. პირველ რიგში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ჩინეთიდან, დროებით საავიაციო მიმოსვლა იყოს შეჩერებული. შესაბამისად ეს იყო ყველაზე ქმედითი ნაბიჯი, რომელიც დღეს შეგვეძლო გადაგვედგა. ჯანდაცვის სისტემა სრულად არის მზად, იმ შემთხვევაში თუ საქართველოში გამოვლინდება მსგავსი ვირუსი, შესაბამისად და ეფექტურად უპასუხოს ამ გამოწვევას“,- აღნიშნა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ ეპიდემია ჩინეთის გარდა 16-ზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. კორონავირუსის ბოლო შემთხვევა ფინეთში გამოვლინდა. ბოლო მონაცემებით ვირუსით 170 ადამიანია დაღუპული, ეპიდემიით ინფიცირებულთა რაოდენობა კი 8 ათასს აღწევს. შექმნილი ვითარების გამო Google-მა ჩინეთში ოფისები დროებით დახურა.