პრემიერმინისტრობის კანდიდატი გიორგი გახარია პარლამენტის ერთპარიულობაზე პასუხისმგებლობას კვლავ ოპონენტებს აკისრებს და ამბობს, რომ ამ ფონზე მათი, ხელისუფლების პასუხისმგებლობა ორმაგდება.
მისივე თქმით, ოპოზიციის გარეშე პარლამენტი დისკომფორტი იქნება არამხოლოდ ქართული ოცნების უმრავლესობითვის, არამედ მოქალაქეებისთვის. პარლამენტის სხდომაზე, სადაც მთავრობას მხოლოდ მმართველი პარტიის დეპუტატები ამტკიცებენ, გიორგი გახარიამ სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ "გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს".
"ჩვენს კომფორტს რომ თავი დავანებოთ, არაა კომფორტული ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომლებმაც ხმა მისცეს 9 პარტიას და განსაზღვრეს რომ პარლამენტში უნდა ყოფილიყო 60 ოპოზიციური მანდატი. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი.
სამწუხაროდ, დღეს გვაქვს ის შედეგი რაც გვაქვს, ვიღაცას შეეშინდა, ვიღაც ვერ გაერკვა, ვიღაცამ საკუთარი ეგო ვერ დაძლია, მაგრამ ის შედეგი გავქვს, რა შედეგიც გვაქვს. ეს აორმაგებს ხელისუფლების პასუხისმგებლობას. არ იქნება მარტივი მუშაობა დისკუსიისა და ოპონირების გარეშე და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ეს პოლიტიკური პრობლემა იყოს გადალახული და უახლოეს პერიოდში პარლამენტის ეს ნაწილიც შეივსოს.
მიუხედავად იმისა, მარტო ვიქნებით თუ არა ამ დარბაზში, გავაგრძელოთ სვლა ევროპული მომავლისკენ".
ოპოზიციური პარტიები 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულად მიიჩნევენ და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, მათმა უდიდესმა ნაწილმა საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა.
ოპოზიციას რამდენიმე მოთხოვნა აქვს: ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში ხელახალი არჩევნების ჩატარება და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზა.
მიუხედავად ხელისუფლებას და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება.
სწორედ ამის გამო, მე-10 მოწვევის პარლამენტი ამ დრომდე სრულად ერთპარტიულია.
