ექსპრემიერ გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს და უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ დასავლეთის ქვეყნების კონსოლიდაცია უკრაინის ირგვლივ საქართველოსაც შეეხოს.
ფორმულას ეთერში გახარიამ თქვა, მთავრობის ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, ერთი მხრივ, ქვეყანა ცხელ ომში არ იყოს ჩათრეული, მაგრამ ამავე დროს, არ იყოს იზოლირებული თანამედროვე განვითარებული მსოფლიოსგან.
"დიდი მნიშვნელობა აქვს, საგარეო პოლიტიკის თვალსაზრისით შეინარჩუნოს სამუშაო ძლიერი პარტნიორობა კიევთან და მოლდოვასთან.
ყველა ვხედავთ, რა არის გეოპოლიტიკური ცვლილება - ძალების წარმოუდგენელი კონსოლიდირება უკრაინის ირგვლივ. საქართველო, რომელიც არის უსაფრთხოების უმძიმესი რისკების ქვეშ, ოკუპირებულია, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გააკეთოს და უკვე უნდა გაეკეთებინა იმისთვის, რომ უკრაინის გარშემო კონსოლიდირება ჩვენც გვფარავდეს.
ჩვენც ოკუპირებული ქვეყანა ვართ, ჩვენც გამოვიარეთ რუსეთთან ომი 2008 წელს. ჩვენ ეს ფასი სისხლით უკვე გადახდილი გვაქვს და არავის აქვს უფლება, მთავრობამ ვერ იგრძნოს თავისი პასუხისმგებლობა, დაიმალოს და ჩვენს პარტნიორებს, მათ შორის, კიევსაც, არ ჰქონდეს მოტივაცია, ის კონსოლიდაცია, რაც არსებობს, საქართველოსაც შეეხოს". - თქვა გიორგი გახარაიამ.
მისივე თქმით, საქართველოს არავინ სთხოვდა, სანქციებს სრულად შეერთებოდა, თუმცა, ხელისუფლებას უკრაინისთვის მორალური მხარდაჭერის გამოცხადება მაინც შეეძლო.
"მთელი მსოფლო გლობალურად აფასებს თავის რისკებს და ჩვენ გვეუბნებიან, საქართველოს არაფერი ემუქრებაო.
ის, რაც დღეს ხდება უკრაინაში, არ არის მხოლოდ უკრაინაზე, უკრაინის შემდეგ საქართველოზეა. დღეს ჩვენ ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი გვეუბნება, რომ საქართველოს სუვერენული უფლება უნდა იყოს შეზღუდული - ერთი, რომელ ალიანსებში უნდა გაწევდიანდეს და მეორე, რომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს შესვლა მიუღებელია.
ჩვენი მშობლების, უფროსი თაობის ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ძირითადი მიზანი იყო დამოუკიდებელი, სუვერენული, დემოკრატიული სახელმწიფო და დღეს ჩვენ ამას გვიზღუდავენ.
თუ მთავრობა გონს არ მოეგება, ქვეყანაში დგება ახალი ეროვნული მოძრაობის საკითხი". - ამბობს გახარია.