მიკროგრანტების ბიუჯეტი 40 მილიონ ლარამდე გაიზრდება, - ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
როგორც გახარიამ განმარტა, ერთჯერადი დაფინანსება, 20 ათასი ლარის ნაცვლად, 30 ათასი ლარი იქნება.
პრემიერის თქმით, პროგრამისთვის განაცხადების მიღება 5 ოქტომბრიდან დაიწყება.
"ანტიკრიზისული ღონისძიებების ერთერთი კომპონენტი - მიკროგრანტების პროგრამა - ივნისში დავაანონსეთ, რომელიც არის აწარმოე საქართველოს ერთერთი კომპონენტი. ჩვენ გავზარდეთ ამ პროგრამის ბიუჯეტი 40 მილიონამდე და ასევე ერთჯერადი დაფინანსების მოცულობაც - ეს იყო 20 ათასი ლარი და დღეს გახდება 30 ათასი ლარი. ეს არის გრანტის სახით ჩვენი მოქალაქეების დახმარება, რომლებსაც უნდათ გადადგან პირველი ნაბიჯი და დაიწყონ ბიზნესი", - თქვა გახარიამ.
მისივე თქმით, პროგრამის შესახებ ინფორმაციის მიღება მოქალაქეებს საზოგადოებრივ ცენტრებსა და იუსტიციის სახლებში შეუძლიათ.
მიკროგრანტების პროგრამის ფარგლებში საგრანტო კონკურსში მონაწილეობას მიკრო და მცირე მეწარმეები იღებენ.