logo
ENG



გახარია: მოგეხსენებათ, ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება

23 დეკ 202010:32
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრობის კანდიდატს, გიორგი გახარიას პარლამენტში ქართული ოცნების ფრაქციის სხდომაზე უსმენენ. 

გახარიამ სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ 2021 წელი "უაღრესად მძიმე იქნება", რაც მთავრობის და პარლამენტის პასუხისმგებლობას აორმაგებს, ამ პირობებში კი "ძალიან რთული იქნება ოპოზიციის გარეშე მუშაობა". 

"ყველას კარგად გვესმის, რომ 2021 წელიც იქნება უაღრესად მძიმე და გამოწვევებით სავსე. ეს აორმაგებს როგორც მთავრობის, ისე - პარლამენტის პასუხისმგებლობას, რომელსაც სამწუხაროდ ჯერ კიდევ არ ჰყავს ჯანსაღი ოპოზიცია. ყველას კარგად მოგეხსენებათ, რომ ოპოზიციის გარეშე მუშაობა საკმაოდ რთული იქნება, იმ გამოწვევების გათვალისწინებით, რომლის წინაშეც დღეს დგას ქვეყანა - როგორც გლობალური პანდემიის, ისე ეკონომიკური კრიზისისა და იმ პოლიტიკური პროცესის თვალსაზრისით, რომელიც დღეს ქვეყანაში მიმდინარეობს.

როდესაც ჩვენმა მოქალაქეებმა არჩევნებში მიიღეს მონაწილეობა, დაახლოებით 2 მილიონმა ადამიანმა, ეს პასუხისმგებლობა და ვალდებულება დააკისრა თითოეულ ჩვენგანს, ამიტომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ მიუხედავად ყველა იმ გამოწვევისა და სირთულისა, რომელიც ჩვენს წინაშე იქნება მომავალი წლების განმავლობაში, ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ეფექტიანობაზე. მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროგრამა, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტის წინაშე და სახელად ჰქვია „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ“, განვახორციელოთ სრულად". - თქვა გიორგი გახარიამ. 

პარლამენტში მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატებს უსმენენ. სხდომებს მხოლოდ ქართული ოცნების დეპუტატები ესწრებიან, ვინაიდან ისტორიაში პირველად, პარლამენტში მხოლოდ 1 პარტია მუშაობს. ოპოზიცია 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნებს და ბოიკოტის რეჟიმშია. მათ მანდატებზეც უარი თქვეს და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციის შეცვლას და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას. 

ოპოზიციამ მმართველ გუნდს რიგგარეშე არჩევნების შესახებ პლებისციტის ჩატარებაც შესთავაზა. 

მიუხედავად ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებებისა, რომელსაც ფასილიტაციას დასავლელი პარტნიორები უწევენ, შეთანხმება ვერ მოხერხდა, ქართული ოცნება მხოლოდ საარჩევნო რეფორმის ჩატარებას თანხმდება. 

სწორედ ამის გამო, X მოწვევის პარლამენტი, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ერთპარტიულია


close დახურვა