logo
ENG



გახარია: მოხარული ვართ, რომ სახელმწიფო მდივანი ქვეყანაში დემოკრატიზაციის პროცესს შეაფასებს

24 ივლ 202012:16
3 წუთის საკითხავი
 
1sgiajgdbwg51rp.jpg

პრემიერ გიორგი გახარიას თქმით, მმართევლი გუნდი მოხარულია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში დემოკრატიის პროცესებს შეაფასებს. როგორც გახარია ამბობს, იმ კითხვებთან, რომელიც დემოკრატიის პროცესში შეიძლება მმართველი გუნდისადმი არსებობდეს, ხელისუფლება თავს „კომფორტულად“ გრძნობს.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ სახელმწიფო მდივნის მიერ საქართველოში დემოკრატიზაციის პროცესების შეფასება მოხდება. ეს ჩვენს ინტერესშია, რადგან ამ პროცესებში არავის ეჭვი არ გვეპარება.

კითხვის ნიშნები, რაც არსებობს, ამასთანაც კომფორტულად ვგრძნობთ თავს, იმიტომ, რომ საქართველოში გამოხატვის თავისუფლებიდან, მედია პლურალიზმიდან, ინსტიტუტების განვითარებიდან დაწყებული, საარჩევნო სისტემით დამთავრებული, დემოკრატიზაციას არაფერი და ვერაფერი ვერ დაემუქრება.

მარტივი მიზეზის გამო, ქართველმა მოქალაქემ თავისუფლების არსი ძალიან კარგად შეიგრძნო, სამართლიანობის ფასი ძალიან კარგად შეიგრძნო, მედია თავისუფლებისა და პლურალიზმის ფასსაც კარგად გრძნობს, ახლა მიხვედება რას ნიშნავს პროპორციულთან უფრო ახლოს მყოფი საარჩევნი სისტემა, როგორ შეცვლის პოზიტიურისკენ ქართულ პოლიტიკურ კულტურას და ამას უკან ვერავინ დააბრუნებს.

რაც უფრო მეტი შეფასებები იქნება საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან საქართველოს დემოკრატიის კონსოლიდირების პროცესის, ჩვენ მხოლოდ მოხარულები ვართ ამით“,-განაცხადა გიორგი გახარია.

შეგახსენებთ, წარმომადგენელთა პალატის საბიუჯეტო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 132-მილიონიანი  დახმარება შემცირდება იქამდე, სანამ სახელმწიფო მდივანი არ დაადგენს, რომ  საქართველოს ხელისუფლება  დგამს ნაბიჯებს, რათა:

1. განამტკიცოს დემოკრატიული ინსტიტუტები; 2.  ებრძოლოს კორუფციას; 3. დაიცვას კანონის უზენაესობა კერძო სექტორთან მიმართებაში, რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. განმარტებაში, რომელიც კომიტეტის დოკუმენტს 9 ივლისს დაერთო, დახმარების სრულად მიღების წინაპირობები უფრო ვრცლადაა გაწერილი, მათ შორის დასახელებულია ოლიგარქების არაფორმალური გავლენის შეზღუდვა. განმარტებაში ვკითხულობთ, რომ დაფინანსების 15%-ის მიღება დამოკიდებულია სახელმწიფო მდივნის მიერ წარდგენილ ანგარიშზე. სწორედ ის განსაზღვრავს, დგამს თუ არა საქართველოს მთავრობა ეფექტიან ნაბიჯებს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებისკენ, კერძოდ:

 ეფექტურად ნერგავს საარჩევნო რეფორმას;

 პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობას, მათ შორის საკანონმდებლო ან აღმასრულებელი ორგანოს ჩარევისაგან;

 უზრუნველყოფს ანგარიშვალდებულებასა და გამჭვირვალობას;

 იცავს სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების უფლებებს და მედიის დამოუკიდებლობას;

 ზღუდავს ოლიგარქების არაფორმალურ გავლენას მთავრობის ფუნქციონირებასა და კანონების მიღებაზე.

 

 


close დახურვა