logo
ENG



გახარია: ნანა ჯანელიძის ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც

29 სექ 202313:16
3 წუთის საკითხავი
 
2023/09/29/wff1czs83hkhmwh.jpg

პარტია საქართველოსთვის ლიდერი, გიორგი გახარია ამბობს, რომ ნანა ჯანელიძის ფილმ იარე ლიზას მხარდაჭერაში "მცირედი წვლილი" მიუძღვის. ის კულტურის სამინისტროსა და მინისტრ თეა წულუკიანისგან ფილმთან დაკავშირებულ კრიტიკას გამოეხმაურა.

"მე მართლაც მიმიძღვის მცირედი წვლილი ამ ფილმის მხარდაჭერაში. ეს ფილმი უნდა ნახოს ყველამ თბილისშიც და სოხუმშიც. რადგან ეს არის ფილმი იმაზე, რომ მიუხედავად ბევრი შეცდომისა და წარსულისა, რომ არა რუსეთი, ქართველები და აფხაზები არასდროს, არასდროს არ ვესროდით ერთმანეთს", - განაცხადა მან ვიდეომიმართვის დროს. 

ნანა ჯანელიძის ფილმ იარე ლიზას არაერთგვაროვანი რეაქცია მოყვა მაყურებლის მხრიდან. პრემიერის დღეს გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ჩანდა, რომ ჩვენების შემდეგ დარბაზში მაყურებლის ნაწილი ყვიროდა და უკმაყოფილებას გამოთქვამდა.

ფილმი და მისი რეჟისორი გააკრიტიკა კულტურის მინისტრმაც, თუმცა თავისსავე ფეისბუქ პოსტში აღიარა, რომ ფილმი ჯერ ნანახი არ ჰქონდა. თეა წულუკიანის განცხადებით, რეჟისორმა კინოსურათისთვის დაფინანსება "ჩაწყობით" მიიღო.

კულტურის სამინისტრომ მომდევნო დღეს განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ იარე ლიზას გადაღება სახელმწიფო ბიუჯეტიდან თავდაპირველად 2019 წელს დაფინანსდა (300 000 ლარი), მოგვიანებით კი კინოცენტრის ხელმძღვანელის - "გაგა ჩხეიძის გადაწყვეტილებით კინოცენტრმა ფილმის გადაღებისთვის უკონკურსოდ გამოყო კიდევ 240 690 ლარი".

"2020 წელს, იმდროინდელი პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას, უშუალო ჩარევით ფილმისთვის დამატებით, ისევ უკონკურსოდ, გამოიყო 1 200 000 ლარი. სულ ფილმის გადასაღებად იმდროინდელი პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიასა და კინოცენტრის ხელმძღვანელის, გაგა ჩხეიძის, ხელშეწყობით გამოიყო 1 740 690 ლარი", - აცხადებენ სამინისტროში.


close დახურვა