საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ოქტომბრის ბოლოს არსებულ ფრენებს ახალი საჰაერო რეისები დაემატება.
გახარიას თქმით, ახალი ფრენები პარიზისა და მიუნხენის მიმართულებით იქნება. პრემიერის თქმით, ამით ეკონომიკა "მეტ ჟანგბადს" მიიღებს და საქართველოს მოქალაქეები უფრო მარტივად დასაქმდებიან.
"ოქტომბრის ბოლოდან უკვე არსებულ რეისებზე ფრენები დაემატება. ეს გახლავთ პარიზისა და მიუნხენის მიმართულებით. გარდა იმისა, რომ ეს ჩვენს მოქალაქეებს ევროპაში გადაადგილების საშუალებას მისცემს, ეკონომიკას მისცემს ცოტა მეტ ჟანგბადს და მოგვეხმარება დამკვირვებლების ქვეყანაში მარტივად შემოყვანისთვის. შემდგომ, ნოემბერში, ეტაპობრივად, პირდაპირი რეისები გაიხსნება როგორც თბილისიდან ევროპის მიამრთულებით, ასევე ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით", - განაცხადა პრემიერმა.
მისი თქმით, შეიცვლება სავალდებულო საკარანტინე წესი. კერძოდ, მოქალაქეს, რომელსაც ქვეყანაში დაბრუნებისას თან PCR ტესტის უარყოფითი პასუხი ექნება, შეეძლება, 12 დღე, თვითიზოლაციის პერიოდი სახლში გაატაროს.
საქართველოს ცა კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჩაიკეტა. თავდაპირველად საერთაშორისო საჰაერო მიმოსვლა 1-ელი ივლისიდან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, მთავრობამ რეგულარული ფრენების აღდგენა ჯერ 1-ელ აგვისტომდე, შემდეგ 1-ლ სექტემბრამდე, მოგვიანებით კი, 1-ლ ოქტომბრამდე გადაავადა.
11 სექტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ საერთაშორისო რეგულარულ ფრენებზე აკრძალვა პირველ ნოემბრამდე გახანგრძლივდა.