logo
ENG



გახარია: ოცნებას ჩვენთან დაპირისპირების მორალური და ინტელექტუალური რესურსი არ აქვს

08 ივნ 202121:05
3 წუთის საკითხავი
 
გახარია: ოცნებას ჩვენთან დაპირისპირების მორალური და ინტელექტუალური რესურსი არ აქვს

ახალი პარტიის დაარსების შემდგომ ტვ პირველთან პირველ სატელევიზიო ინტერვიუში ქართული ოცნების ყოფილი პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მმართველი პარტიის დამფუძნებლის ბიძინა ივანიშვილის და პარტიის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის საჯარო ბრალდებებს პასუხობს. 

"ობიექტური რეალობა გახლავთ ის, რომ დღევანდელი მმართველი ძალის, პარტიის ხელმძღვანელობას ჩვენთან დაპირისპირების არანაირი რესურსი არ აქვს - არც ინტელექტუალური, არც მორალური", - ამბობს გახარია, - "სამწუხაროდ, ეს არის ხალხი, რომელმაც თავი ამოწურა". 

ჟურნალისტის კითხვაზე, გულისხმობდა თუ არა გახარია, მათ შორის, ბიძინა ივანიშვილს, გახარია პასუხობს:

"არა, არა, პარტიის ხელმძღვანელობაზე ვსაუბრობ". 

გახარიამ დასძინა, რომ ქართულ ოცნებაში, მისი შეფასებით, "რა თქმა უნდა" ბევრი ღირსეული ადამიანია, თუმცა, მისი თქმით, "ისე დალაგდა სიტუაცია, რომ დღეს ვინც ამინდს ქმნის, ამ ადამიანების რესურსი სრულად ამოწურულია". 

გახარია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის საჯარო წერილი, რომელშიც ქართული ოცნების დამფუძნებელი მას ღალატში ადანაშაულებს, სწორედ ამ პარტიული კლიმატით იყო გამოწვეული. 

"ეს განცხადება, ჩემთვის, მისი ტონალობით, იყო აბსოლუტურად მოულოდნელი", - ამბობს ის, - "2 დღით ადრე პარტიის დღევანდელი თავმჯდომარე გამოვიდა, რაღაც ბოდვები ილაპარაკა და ეს იყო ჩაფენილი იმისთვის, რომ შემდეგ ბიძინა ივანიშვილის ავტორიტეტს უფრო გაპრავებულად დაერქვა ღალატი". 

გახარიას წინააღმდეგ პირველი საჯარო ბრალდების ავტორი ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძეა, რომელმაც რუსთავი 2-ის ეთერში სააკაშვილისა და გახარიას ფარულ გეგმებზე ისაუბრა და თავისივე პარტიის ყოფილი პრემიერი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში "ამხილა". 

კობახიძის განცხადებას ივანიშვილის საჯარო წერილი მოჰყვა, რომელშიც მმართველი პარტიის დამფუძნებელმა გახარიას ღალატში დასდო ბრალი. 


close დახურვა