გიორგი გახარიამ მმართველი პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა, რომ 2020 წელს პროპორციულთან დაახლოებული სისტემით არჩევნების ჩატარება 2012 წლის არჩევნების შედეგმა განაპირობა.
პრემიერის თქმით, რომ არა 2012 წლის შემდეგ მიღწეული წარმატებები დემოკრატიაში, 2020 წლის არჩევნები პროგრესული სისტემით ვერ ჩატარდებოდა.
„მეგობრებო, ჩვენ 2020 წლის არჩევნებზე მივდივართ ახალი, უფრო პროგრესული საარჩევნო სისტემით. ყველას კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემა იქნებოდა შეუძლებელი, რომ არა 2012 წლის მიღწევა და 2012 წლის შემდგომ ქვეყნის დემოკრატიული, ევროპული და სამართლიანობის ფასეულობებზე ყოველდღიურად შენება. ეს მხოლოდ ამიტომ გახდა შესაძლებელი და რაც მთავარია, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროპორციული არჩევნები დემოკრატიის მიღწევასთან ერთად არის ქვეყნის წინაშე უდიდესი პასუხისმგებლობა. ეს არის პასუხისმგებლობა პოლიტიკური პარტიების, მედიის, სამოქალაქო საზოგადოების და მოქალაქეების.
ჩვენ რა თქმა უნდა, ამ არჩევნებს ჩავატარებთ დემოკრატიულობის უმაღლესი ხარისხით, და რა თქმა უნდა, „ქართული ოცნება“ ღირსეულად გაიმარჯვებს სამართლიან ბრძოლაში და ეს წარმატება ამ ქვეყანას სჭირდება!", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ქართულ ოცნებას 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული სისტემით ჩატარების პირობის დადება სახალხო მღელვარების ფონზე მოუწია, რაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სკამში რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის, ჩაჯდომას მოჰყვა. თუმცა, მმართველმა გუნდმა პირობა უკან წაიღო და პარლამენტში პროპორციულ სისტემაზე გადასვლა ჩააგდო. ამას პოლიტიკური დაძაბულობა და საპროტესტო აქციები მოჰყვა, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებებში პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები ჩერთნენ. საბოლოოდ, რთული პოლიტიკური მოლაპარაკებების შედეგად, ქართული ოცნება 120/30-ზე სისტემას დათანხმდა.
არჩენვებისთვის თბილისში მმართველი გუნდის მაჟორიტარობის კანდიდატების სიას დეტალურად გაეცანით აქ.