პრემიერმინისტრის გიორგი გახარიას თქმით, ტურისტული ბიზნესის დახმარების ახალი პაკეტი სახელმწიფოს მხრიდან დამატებით 6 თვით თანადაფინანსებას გულისხმობს. როგორც გახარია აცხადებს, მთავრობა ახალ პაკეტს უახლოეს დღეებში წარადგენს.
ამასთან დაკავშირებით პრემიერმა ჩაქვში ისაუბრა, სადაც ქობულეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ზაალ მიქელაძე და ქობულეთის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ცოტნე ანანიძე წარადგინა.
გახარიას თქმით, დახმარების პაკეტი შეეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს.
"უახლოეს დღეებში ჩვენ მთავრობაზე გამოვიტანთ ახალ, ტურისტული ბიზნესის დახმარების პაკეტს რომელიც გულისხმობს პროცენტის თანადაფინანსებას სახელმწიფოს მხრიდან დამატებით კიდევ 6 თვით.
ეს ეხება ყველა ტურისტულ ბიზნესს, პირველ რიგში სასტუმროებს, რომელთა ბრუნვაც არის 20 მლნ-მდე, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც 2-3 ოთახს საოჯახო სასტუმროს პრინციპით აქირავებდნენ და აქაც მინდა დაგპირდეთ, რომ ჩვენ გუშინ, გუშინწინ გვქონდა საუბრები რეგულატორთან, ცალკეულ ბანკებთან და თითოეულ მათგანთან იქნება პერსონალური მიდგომა. ჩვენ ამას გავაკონტროლებთ, ყველაფრით დავეხმარებით ადამიანებს, რომ სესხების გადავადება მოხდეს შემდგომი სეზონის დაწყებამდე. ყველამ ერთად ვიშრომოთ, ვიზრუნოთ, ეპიდემიოლოგიებთან ერთად დავიცვათ ყველა წესი და კანონი, რათა შემდგომი სეზონი გვქონდეს ნორმალური", - განაცხადა გიორგი გახარიამ.