logo
ENG



გახარია: ქვეყანაში შემოსვლისას უცხოელები ვალდებულები არიან, 72-საათიანი PCR ტესტი იქონიონ

07 სექ 202015:46
3 წუთის საკითხავი
 
nleob1qxm3lnu8r.jpg

მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 სექტემბრიდან, საქართველოში შემომსვლელი ყველა უცხოელი, მათ შორის, ნაცვალგების პრინციპზე დაყრდნობით, ვალდებულები იქნებიან, 72-საათიანი PCR ტესტი წარმოადგინონ.

ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გიორგი გახარიამ თქვა.

საქმე 5 ქვეყანას ეხება: გერმანიას, საფრანგეთს, ლიეტუვას, ლატვიას და ესტონეთს. მათ მოქალაქეებს საქართველოში უპირობოდ შემოსვლა შეეძლოთ და კარანტინში არ გადაჰყავდათ, საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით, რომელთათვისაც კარანტინის გავლა სავალდებულოა.

"ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ჩვენ, ყველამ ერთად, ჩვენს კოლეგებთან და პარტნიორებთან ერთად, დავაზღვიოთ ჩვენი მოქალაქეების და მათ შორის, ჩვენი სტუმრების ჯანმრთელობა და უფრო ეფექტურად ვმართოთ ვირუსის გავრცელება. კიდევ ერთხელ, ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, ეს ეხება ნაცვალგების პრინციპით, იმ ქვეყნებს, რომლებსაც არანაირი შეზღუდვა არ ჰქონდათ. მათ დაუწესდებათ მოთხოვნა ჩვენი მხრიდან, მხოლოდ 15 სექტემბრიდან, რადგან ადამიანებს, რომლებსაც უკვე ბილეთი აქვთ შეძენილი და მოემგზავრებიან საქართველოში, მათ რომ არ შევუქმნათ დამატებითი დისკომფორტი", - თქვა პრემიერმინისტრმა.

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, კარანტინის ვადა 12-დან 8 დღემდე მცირდება, თუმცა, აუცილებელი იქნება ტესტის გაკეთება მე-12 დღესაც.


close დახურვა