logo
ENG



გახარია: ყველამ უნდა ვიცოდეთ, რომ ურთულესი ექვსი თვე იქნება

27 მაი 202023:36
3 წუთის საკითხავი
 
q4yp63rxeucdf87.png

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პარლამენტის წევრებს შემაჯამებელი სიტყვით მიმართა. თანადგომისთვის, გონიერებისთვის და სამართლიანობისთვის, პრემიერმა საქართველოს მოქალაქეებს მადლობა გადაუხადა. 

მისი განცხადებით, სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების დახმარება უფრო მეტად უნდა ხდებოდეს და საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ყველა ადამიანს დაეხმაროს ვისაც ეს სჭირდება.

პრემიერის თქმით, ურთულესი ექვსი თვე გველოდება, როგორც ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის მიმართულებით, პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური პრობლემების გადალახვის, ეკონომიკის აღორძინების თვალსაზრისით.

„დღეს გვქონდა საინტერესო მსჯელობა და დისკუსია. დღეს ამ დარბაზში ბევრი მადლობა ითქვა, მაგრამ მინდა, საბოლოო ჯამში გულწრფელი და უდიდესი მადლობა გადავუხადო საქართველოს მოქალაქეს პირველ რიგში თანადგომისთვის, გონიერებისთვის და სამართლიანობისთვის. ეს ჩვენი საერთო ნაბიჯებია, ეს ჩვენი საერთო მიღწევებია.

ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ გადავლახეთ პირველი ტალღა. კარგად გვესმის, რომ გლობალური პანდემია ეკონომიკაზე თავისი ზემოქმედებით, მივიდა თითოეული ქართველი მოქალაქის ოჯახში, ბევრ ადამიანს გაუჭირდა. ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი დახმარება, სახელმწიფოსი მოქალაქის მიმართ უნდა იყოს უფრო მეტი, უფრო ქმედითი, უფრო სწრაფი, ეს ყველაფერი გასაგებია და ჩვენ ამას ყველაფერს გავაკეთებთ. ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ყველა ის ადამიანი, ვისაც ამის საჭიროება ექნება, ამ დახმარებას, თანადგომას, სახელმწიფოს, ხელისუფლების და მთავრობის მხრიდან მიიღებს.

ამ ურთულესი ექვსი თვის განმავლობაში ჩვენ ისევ გვაქვს ჩვენი მოქალაქის გონიერების, მისი სამართლიანობის და თანადგომის იმედი, ჩვენ ისევ გვაქვს იმის იმედი, რომ ერთად დავამარცხებთ და გამარჯვებული გამოვალთ ყველა ამ წინააღმდეგობიდან და ყველა პრობლემიდან. უნდა გვესმოდეს, რომ ვირუსი ჯერ არ დაგვიმარცხებია, ვირუსი ჯერ კიდევ აქ არის. ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ყველამ ერთად უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და დავაბრუნოთ ნორმალური შემოსავალი ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ოჯახში.

ყველამ უნდა ვიცოდეთ და გვესმოდეს, რომ ურთულესი ექვსი თვე იქნება, როგორც ჯანდაცვისა და ეპიდემიოლოგიის მიმართულებით, პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით, ასევე ეკონომიკური პრობლემების გადალახვის, ეკონომიკის აღორძინების თვალსაზრისით. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ექვსი თვეა, როდესაც ჩვენ ქვეყანაში სანიმუშო არჩევნები უნდა ჩავატაროთ“, - განაცხადა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ.


close დახურვა