"უკვე შესაძლებელია, რომ გადავდგათ ნაბიჯი თეთრიწყაროს გახსნის მიმართულებით", - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, გადაწყვეტილება იმის გათვალისწინებით იქნა მიღებული, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში თეთრიწყაროში კორონავირუსის შემთხვევა არ დაფიქსირებულა.
პრემიერმა ადგილობრივებს მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ იმისათვის, რომ შეზღუდვების ხელახლა დაწესება საჭირო აღარ გახდეს.
„რაც შეეხება თეთრიწყაროს რაიონს. მოგეხსენებათ, რომ იქ არის საკმაოდ მძიმე შეზღუდვები დაწესებული. ბოლო ინფიცირების შემთხვევა გვქონდა 22 მაისს. ამის შემდეგ ერთი ინკუბაციის პერიოდი უკვე გავლილია და მიუხედავად იმისა, რომ რაიონში ინტენსიურად ტარდებოდა ტესტირება, ბოლო 14 დღის განმავლობაში არც ერთი ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა. ამ პერიოდში ჩატარდა 449-ზე მეტი ტესტირება და არც ერთი შემთხვევა ინფიცირების არ გვაქვს. ამიტომ ვთვლით, რომ შესაძლებელია უკვე გადავდგათ ნაბიჯი თეთირწყაროს რაიონის გახსნის მიმართულებით, თუმცა ამავე დროს მათ უნდა მოვუწოდოთ, მაქსიმალური სიფრთხილე დავიცვათ, რომ კიდევ არ მოგვიწიოს მსგავსი შეზღუდვების დაწესება“, - განაცხადა პრემიერმა.