logo
ENG



გახარია - თუ მკაცრად არ დავიცავთ წესებს, შესაძლოა, შეზღუდვების მოხსნის ეტაპი თვეობით გადავადდეს

14 აპრ 202017:42
3 წუთის საკითხავი
 

„კოვიდ-19 არის მოვლენა, რომელსაც უნდა შევეგუოთ და მივეჩვიოთ როგორც პირბადით და ხელთათმანებით შრომას, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებას“, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერმა დაწესებული შეზღუდვების მკაცრად დაცვის აუცილებლობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ამ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი შესაძლოა, რამდენიმე თვით გადავადდეს.

„რაც უფრო თანმიმდევრულები ვიქნებით და რაც უფრო ზუსტად შევასრულებთ ამ შეზღუდვებს, მით უფრო სწრაფად შევძლებთ იმ შემსუბუქების გეგმის განხორციელებას, რომელიც ეკონომიკის და ბიზნესის მიმართებაში მთავრობას უკვე შემუშავებული აქვს. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეპიდემიოლოგიური რისკები და ეკონომიკის აღდგენის დაწყების ეტაპი პირდაპირ კავშირშია.

კოვიდ-19 არის მოვლენა ჩვენს ცხოვრებაში, რომელსაც უნდა შევეგუოთ და მივეჩვიოთ, როგორც პირბადით და ხელთათმანებით შრომას, ასევე ყოველდღიურ ცხოვრებას, უნდა გავიაროთ ეს ადაპტაცია. ჩვენი ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს მზად გარკვეული რაოდენობის ინფიცირებული ადამიანების სწორი და წარმატებული მართვისთვის. მიუხედავად ამისა, დღეს უახლოესი 2-3 კვირის განმავლობაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა ის შეზღუდვა, რომელსაც დღეს ვახორციელებთ იმისთვის, რომ სწრაფად, მაისის შუა რიცხვებიდან დავიწყოთ ამ შეზღუდვების ნელ-ნელა, თანმიმდევრული მოხსნა. ეს არის წინაპირობა, რომლის შემთხვევაშიც შეგვიძლია ავამუშაოთ ეკონომიკაც, ბიზნესიც და დავიწყოთ შეზღუდვების მოხსნა.

სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ მკაცრად არ შევასრულებთ ყველა ამ შეზღუდვას, არსებობს რისკი, რომ ამ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავდდეს თვეობით. ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ვერც ერთი  უმაღლესი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო ორგანიზაციაც კი დღეს ზუსტად ვერ აკეთებენ პროგნოზს როდის იქნება გავრცელების პიკი. ასე რომ უნდა მივეჩვიოთ ამ ვირუსთან ერთად ცხოვრებას, შრომას. რა თქმა უნდა შეცვლის ეს ჩვენს ყოველდღიურ საქციელს და ქმედებას, მაგრამ ეს არის ერთადერთი გზა, რომ ჩვენ ჩვენს ეკონომიკას მივცეთ საშუალება, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს აღდგენა“, - განაცხადა პრემიერმა. 


close დახურვა