საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აზერბაიჯანული გამოცემის - Haqqin.az-ის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება და ამბობს, რომ აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობებს საფრთხე არ ემუქრება.
გახარიასთვის გაუგებარია მედიაში შექმნილი აჟიოტაჟი, რადგან როგორც პრემიერი ამბობს, Haqqin.az-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია და ფოტომასალა, დადასტურებული არ არის.
"ჩვენს მოვალეობებს ვასრულებთ სრულად, საერთაშორისო კანონმდებლობის შესაბამისად. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ მედიით გავრცელებული, დაუზუსტებელი ინფორმაცია. ეს საყურადღებო ინფორმაცია იქნება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩვენს ორ ქვეყანას შორის მსჯელობის საგნად იქცევა. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობას არაფერი ემუქრება. ეს არის ჩვეულებრივი სატვირთო მანქანა ყველაფრის გარეშე", - ამბობს გახარია.
კითხვაზე - რატომ არის ინფორმაცია დაუზუსტებელი, როდესაც Haqqin.az არის სამთავრობო მედია, პრემიერი ასე პასუხობს:
"როდესაც რაღაც ინტერნეტ გამოცემის გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე კითხვას სვამთ, ორ მეგობრულ და სტრატეგიულ პარტნიორს შორის ურთიერთობების კონტექსტში, არასწორია. ესეც რისკია.
იმ მედიას დაუსვეს კითხვა. რას ნიშნავს სამთავრობო მედია? საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა... საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არანაირი გაუგებრობა არ არსებობს", - აღნიშნა გიორგი გახარიამ.
19 ივლისს აზერბაიჯანულმა მედიაგამოცემა „Haqqin.az"-მა სარედაქციო წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია, რომ სომხეთს შეიარაღება სერბეთმა საქართველოს გავლით მიაწოდა.
მედიაგამოცემის წერილს ქართული საგარეო უწყების რეაქცია მოჰყვა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აზერბაიჯანული გამოცემის გავრცელებული პუბლიკაცია დეზინფორმაციული ხასიათისაა და „უამრავ უზუსტობებს შეიცავს“.
ქართული მხარის განცხადების საპასუხოდ გამოცემა „Haqqin", - მა სამხედრო ტექნიკის ამსახველი ფოტომასალა გამოაქვეყნა, რომელიც, მათი თქმით, საქართველოს ტერიტორიაზეა გადაღებული.
"მითების დეტექტორის" ცნობით, ფოტოები ნამდვილად საქართველოს ტერიტორიაზე, სადახლოს საბაჯო-გამშვებ პუნქტშია გადაღებული.
22 ივლისს, სერბეთის ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრმა, რასიმ ლიაიჩმა, მედიას განუცხადა, რომ სომხეთში იარაღის ექსპორტი სერბეთიდან კერძო კომპანიამ ნამდვილად განახორციელა. კომპანიას ოთხი სხვადასხვა სახელმწიფო უწყების ნებართვა ჰქონდა აღებული.