logo
ENG



გახარია გარეჯზე: ოპოზიციამ თავის თავს დაუსვას კითხვა, რატომ მაინცდამაინც ახლა

15 ოქტ 202014:32
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერი გიორგი გახარიას ამბობს, რომ დავით გარეჯის საკითხის გამწვავებაში ოპოზიციის წარმომადგენლებს "დიდი წვლილი" მიუძღვით და მათ საკუთარ თავს უნდა დაუსვან შეკითხვა, რატომ დაიწყო გამოძიება ახლა:

"დავით გარეჯის ისტორიის ბოლო გამწვავებული ტალღა დაიწყო ზუსტად წელიწად-ნახევრის წინ. ზუსტად იმ ოპოზიციას, რომელიც ამ პროვოკაციულ კითხვებს სვამს, მათ დიდი წვლილი იყო ამ საკითხის გამწვავებაში. ეს კითხვა მათ თავის თავს უნდა დაუსვან - რატომ მაინცდამაინც ახლა", - თქვა მან ჟურნალისტის კითხვის პასუხად, რომ "ოპონენტები ამ თემას წინაასარჩევნო პროცესს უკავშირებენ."

ასევე კითხვაზე, ნიშნავს თუ არა ზურაბ ნოღაიდელის ინტევიუში სააკაშვილის პასუხისმგებლობის ხსენება იმას, რომ გამოძიება ყოფილ პრეზადენტამდე მივა, გახარია პასუხობს, რომ ინდულგენცია არავის აქვს და ეს გამოძიების პრეროგატივაა, სააკაშვილისთვის კი გამოძიება "რაღაც სიახლე" არ იქნება:

"რაც შეეხება სააკაშვილს და იმას, რაც თქვა ნოღაიდელმა, ეს არის გამოძიების პრეროგატივა. ქვეყანაში ინდულგენცია არავის არ აქვს, თან სააკაშვილისთვის სისხლის სამართლის გამოძიება არ იქნება რაღაც სიახლე. ერთი და ორი არ დაწყებულა. ეს არის გამოძიების კომპეტენცია. რასაც გამოძიება გადაწყვეტს, არანაირი შეზღუდვები ამ გამოძიებას ვერ ექნება", - აცხადებს პრემიერმინისტრი

დავით გარეჯის საქმეზე მთავარმა პროკურატურამ ყოფილი პრემიერი, ზურაბ ნოღაიდელი 12 ოქტომბერს გამოკითხა

დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დამდგენი კომისიის წევრები - ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ 7 ოქტომბერს დააკავა.

გამოძიება მათ საქართველოს საწინააღმდეგო მოქმედებას ედავება. უწყება ამტკიცებს, რომ დაკავებულებმა საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს". 

თავად დაკავებული კარტოგრაფები მათთვის წარდგენილი ბრალის მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. იგივე მოსაზრება აქვს ოპოზიციას და სამოქალაქო სექტორს.

პროკურატურა რუსეთში მომუშავე ქართული ბიზნესმენის დავით ხიდაშელის მიერ თავდაცვის სამინისტროს მიერ მიწოდებულ მასალებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ მელაშვილი და ილიჩოვა არასწორი რუკებით ხელმძღვანელობდნენ.

ივერი მელაშვილმა ბრალდებების პასუხად არაერთხელ გაიმეორა, რომ იმ რუკას, რომელიც, პროკურატურის მტკიცებით, კომისიას უნდა გამოეყენებინა, ხარვეზები აქვს და სამუშაოდ ვერ გამოდგებოდა.

დაცვის მხარე მიუთითებს, რომ ბრალდების უსაფუძვლობას ამტკიცებს საქმეში არსებული ჩვენებებიც. 

ბრალდების მხარე დაკავებულების მოტივებზე ამ დრომდე არ საუბრობს.


close დახურვა