logo
ENG



გახარია დავითგარეჯის საქმეზე: მაგ კამპანიას ნეგატივის გარდა არაფერი მოუტანია

15 სექ 202122:24
3 წუთის საკითხავი
 
გახარია დავითგარეჯის საქმეზე: მაგ კამპანიას ნეგატივის გარდა არაფერი მოუტანია
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

ექსპრემიერი გიორგი გახარია ამბობს, რომ დავითგარეჯის საქმეს და კარტოგრაფების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას გარეჯი საქართველოა "პარტიისა და ქვეყნისთვის ნეგატივის გარდა არაფერი მოუტანია". 

ფორმულას ეთერში გახარიამ თქვა, რომ ეს იყო მაგალითი, თუ როგორ შეიძლება, "არათანმიმდევრული და სულელური ნაბიჯებით შენივე თავი დაიზიანო

"არანაირი პოლიტიკური აქტივი, ნეგატივის გარდა, ოცნებისთვის, როგორც პოლიტიკური პარტიისთვის, არ მოუტანია, დამიჯერეთ, მერწმუნეთ, ეს ასე იყო. 

რა თქმა უნდა, იყო ქვეყნის დაზიანების უზარმაზარი რისკები და მე მაშინ ვეცადე, ისე გამენეიტრალებინა ეს, როგორც შესაძლებელი იყო მაშინ, იქ, იმ დროს და იმ მომენტში. ეს არის ბალანსის დაცვის შესაძლებლობა. მაშინ მე ეს შესაძლებლობა მქონდა და ვცდილობდი, დამეცვა გუნდიც და სახელმწიფო ინტერესებიც". - თქვა ექსპრემიერმა. 

დავითგარეჯის მონასტრის და აზერბაიჯანთან შეუთანხმებელი საზღვრის საკითხი აქტუალური წინა წლებში პერიოდულად ხდებოდა, თუმცა, განსაკუთრებით 2020 წლის სექტემბრის ბოლოდან გააქტიურდა. 

2020 წლის 7 ოქტომბერს კი სადემარკაციო-სადემილიტაციო კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ სახელმწიფო ტერიტორიის მთლიანობის დარღვევის მუხლით დააკავა. გამოძიება ამტკიცებს, რომ მათ საზღვარი ჩვენი ქვეყნის საზიანოდ მონიშნეს და "საქართველოს ტერიტორიის ნაწილი უცხო ქვეყანას გადასცეს".  

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მათთვის წარდგენილი ბრალდების შინაარსს არ ეთანხმებიან, ამბობენ, რომ ის რუკები, რომელთა არგამოყენებასაც მათ პროკურატურა ედავება, არასწორად არის შედგენილი და ბრალდების მიღმა პოლიტიკურ მოტივს ხედავენ. 

კარტოგრაფები 2021 წლის 28 იანვარს, გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. პროკურატურის თქმით, გამოიკვეთა, რომ ისინი ზემდგომის დავალებას ასრულებდნენ, ამიტომ კარტოგრაფების დაკავების საჭიროება არ არსებობს. 


close დახურვა