"ეს არის მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, ძალას, რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები მესამედ უჭერენ მხარს და აძლევენ ლეგიტიმაციას, მართოს ქვეყანა", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც თქვა, რომ პოლიტიკიდან მიდის.
გახარიას თქმით, ბოლო წლების განმავლობაში ივანიშვილი ქართული პოლიტიკის შემქმნელი და განმსაზღვრელი ძალა იყო:
"დღეს ბიძინა ივანიშვილმა, ქართული ოცნების თავმჯდომარემ ოფიციალურად განაცხადა, რომ ის ტოვებს დაკავებულ თანამდებობას და ტოვებს პოლიტიკას. რა თქმა უნდა, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ბიძინა ივანიშვილი იყო ქართული პოლიტიკის შემქმნელი, განმსაზღვრელი ძალა.
ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითი, როგორ შეიძლება დათმო ხელისუფლება მაშინ, როდესაც შენი ქვეყნის ისტორიაში პირველად, ძალას, რომელსაც შენ ხელმძღვანელობ და რომლის ლიდერიც ხარ, შენი მოქალაქეები და მოსახლეობა მესამედ უჭერს მხარს და აძლევს ლეგიტიმაციას და მანდატს მართოს ქვეყანა.
რა თქმა უნდა, ეს უაღრესად მნიშვნელოვანი მაგალითია და მაგალითი იქნება ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისთვის. ეს მანდატი, რომელიც ქართულმა ოცნებამ პირველად საქართველოს ისტორიაში მესამედ მიიღო, არ არის შემთხვევითი და ამ ნდობას აქვს თავისი ახსნა და ამ ნდობაშიც, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილს აქვს უმნიშვნელოვანესი როლი. ეს ის როლია, რომლითაც ბოლო რვა წლის განმავლობაში ქვეყანამ მიაღწია სამართლიანობის დამკვიდრებას, ეს ის როლია, რამაც განსაზღვრა ქართული პოლიტიკის ცენტრში ადამიანი და მისი ღირსება", - განაცხადა გიორგი გახარიამ.
ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 11 იანვარს, ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ნათქვამია, რომ ტოვებს როგორც პარტიის თავმჯდომარის თანამდებობას, ისე უშუალოდ პარტიასაც და თავის 2011 წლამდე არსებული ცხოვრების წესს უბრუნდება.