logo
ENG



გახარია საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე: რასაც მივაღწიეთ არის ქვეყნისთვის გამარჯვება

03 ივლ 202011:43
3 წუთის საკითხავი
 
xmmfyphwmndi5br.jpg

„რასაც მივაღწიეთ არის ქვეყნისთვის გამარჯვება“, - ასე აფასებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია საარჩევნო სისტემის ცვლილებას.

მისი განცხადებით, პროპორციული სისტემა საქართველოს დემოკრატიზაციის და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარანტიაა.

„საარჩევნო სისტემა და პროპორციული საარჩევნო სისტემა განსაკუთრებით საპარლამენტო რესპუბლიკის პირობებში, არის სისტემური რეფორმა და რა თქმა უნდა, საყოველთაო კონსესუსი პოლიტიკური მოთამაშეების აქტორების იქნებოდა ქვეყნის გამარჯვება. აქ არ იმარჯვებს რომელიმე პოლიტიკური ძალა.

რასაც მივაღწიეთ არის ქვეყნისთვის გამარჯვება. ეს არის საქართველოს დემოკრატიზაციის და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გარანტია. 

1991-იანი წლებიდან დაწყებული, ჩვენი პოლიტიკური სისტემის ოცნება იყო, პროპორციული სისტემა. ეს შესაძლებლობაა, რომ ქვეყანაში პოლიტიკური ელიტები შეიცვალონ, ახალგაზრდები მოვიდნენ პოლიტიკაში და მე დარწმუნებული, ვარ, რომ უახლოეს წლებში ამ ცვლილებას თითოეული მოქალაქე იგრძნობს. ეს იქნება რთული პროცესი, მაგრამ ქვეყნის შემდგომი დემოკრატიზაციისთვის და ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის იყო აუცილებელი ნაბიჯი, რომელიც ჩვენ გადავდგით",-აცხადებს გახარია.

შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნოდ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტმა მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი. საარჩევნო კოდექსში ცვლილებებს მხარი 94-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 1 დეპუტატი - ალექსანდრე ერქვანია, წინააღმდეგ წავიდა.

კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ევროპულ საქართველოსა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. მათ აღნიშნეს, რომ საარჩევნო ცვლილებები ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს არ ეყრდნობა.


close დახურვა