სომხეთის პრემიერის რანგში ნიკოლ პაშინიანი თბილისს პირველად ესტუმრა. ოფიციალური დახვედრის ცერემონია მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ორი ქვეყნის პირველ პირებს შორის თავდაპირველად პირისპირ შეხვედრა გაიმართა, შემდეგ კი მოლაპარაკებები გაფართოებულ ფორმატში გაგრძელდა. შეხვედრების დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარებიც გაკეთდა.
როგორც საქართველოს პრემიერმა გიორგი გახარიამ განაცხადა, მიუხედავად საგარეო ორიენტირებისა, ორ ქვეყანას შორის შეუძლებელია, რაიმე გაუგებრობა იყოს.
„ჩვენს რეგიონში დემოკრატიზაციის პროცესი კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც ეკონომიკის, ასევე განათლების და კულტურის სფეროს განვითარებისთვის. ასევე, აღვნიშნეთ, რომ საქართველოს მოქალაქეების გადაწყვეტილება ევროატლანტიკური ინიტეგრაციის მიმართულებით არის მათი სურვილი და ქვეყანა ამ მიმართულებით ურყევ გზას ადგას. შესაბამისად, ჩვენ შევთანხმდით, რომ მიუხედავად ჩვენი საგარეო ორიენტირებისა, ორ ქვეყანას შორის შეუძლებელია, რაიმე გაუგებრობა იყოს. ჩვენ მეზობლურ, კეთილმეგობრულ ჭრილში ვაგრძელებთ თანამშორმლობას“, - განაცხადა გახარიამ.