logo
ENG



გახარია ფრონტერაზე: არავის უნდა მივცეთ საშუალება, ბიზნეს გარემო კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს

24 ივლ 202012:49
3 წუთის საკითხავი
 

"ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ქვეყნის ბიზნეს გარემო, არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, ეს გარემო და ქვეყნის ბიზნეს კლიმატი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ", - ასე პასუხობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია, კომპანია „ფრონტერას“ წერილს, რომელშიც კომპანია საქართველოს მთავრობას დეზინფორმაციის გავრცელების შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

როგორც გახარია ამბობს, ოპონენტები ცდილობენ, ეს საკითხი "ტარგეტირებული მიზნებისთვის გამოიყენონ", თუმცა მისი თქმით, პარტნიორ ქვეყნებთან ურთიერთობა მყარია და ეს მათ არ დააზიანებს.

„ქვეყნის საინვესტიციო კლიმატი, ქვეყნის ბიზნეს გარემო არის უაღრესად მნიშვნელოვანი და არავის არ უნდა მივცეთ შესაძლებლობა, რომ თუნდაც არასწორი ინფორმაციის გავრცელების საშუალებით, ეს გარემო და ქვეყნის ბიზნეს კლიმატი დააყენონ კითხვის ნიშნის ქვეშ - ეს ერთი. მეორე - არავის უნდა მივცეთ შესაძლებლობა, სტრატეგიული პარტნიორობა აქაც ტარგეტირებული მიზნისთვის გამოიყენონ და მესამე საკითხი -  იქ არიან ქართველი დასაქმებული ადამიანები, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობენ და რა თქმა უნდა ამ ადამიანების ინტერესიც უნდა იყოს გათვალისწინებული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

კომპანია „ფრონტერამ" საქართველოს მთავრობას დეზინფორმაციის კამპანიის შეწყვეტისკენ მოუწოდა. კრიტიკულ წერილში ამერიკულმა კომპანიამ პრემიერ-მინისტრსა და საქართველოს მთავრობას მიზანმიმართული სიცრუის, დამაზიანებელი და არაგულწრფელი პრაქტიკის შეწყვეტისკენ და გულახდილი პარტნიორობისკენ მოუწოდა. 

მანამდე, 23 ივლისს, ვაშინგტონის მწვავე კრიტიკისა და სანქციების დაანონსების შემდეგ, საქართველოს მთავრობამ ამერიკულ „ფრონტერას" საქმიანობის უფლება გაუხანგრძლივა. კონტრაქტს ვადა 27 ივლისს გასდიოდა.


close დახურვა