logo
ENG



ვინ არიან თავდამსხმელები, რომლებიც გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

03 მაი 202414:22
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/03/wlrbahokipguldj.png

ადამიანები, რომლებიც გუშინ გმირთა მოედანზე აქციის მონაწილეებს თავს დაესხნენ, დაფინანსებას, სავარაუდოდ, თბილისის მერიისგან იღებენ.

კერძოდ, სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე აცხადებს, რომ თავდამსხმელები, როგორც "წარმატებული მწვრთნელები", თბილისის მერიისგან ყოველთვიურად 500 ლარიან დახმარებას იღებენ.

მათ შორის ერთ-ერთია სპორტსმენი გიორგი უბილავა, რომელიც 2016 წელს კორცხელში ოპოზიციაზე განხორციელებულ თავდასხმაშიც მონაწილეობდა.

თავდამსხმელებს შორის, უბილავას გარდა, გავრცელებული ფოტო და ვიდეო მასალებიდან დემონსტრანტებმა და მედიის წარმომადგენლებმა ამოიცნეს სპორტსმენები: ჯონი უარიადმყოფელი, დიმა ჭუმბურიძე და ზურა ხარატიშვილი. რომელთა ნაწილიც მონაწილეობა კორცხელის დარბევაში. 

ირაკლი აბესაძის ცნობით, უბილავა და კორცხელის დარბევის მონაწილე სხვა სპორტსმენები თბილისის მერიისგან დღემდე იღებენ აღნიშნულ ფინანსურ დახმარებას.

"ხელისუფლებს მომხრე ზონდერ ჯგუფები, თუ ტროლ-ბოტები ფეისბუქში სწორედაც ბიუჯეტიდან ფინანსდებიან და ხელფასის სახით იღებენ თანხას, მხოლოდ და მხოლოდ პარტიული, მათ შორის ძალადობრივი, დავალებების შესრულებისთვის. ეს არის ნამდვილი და მყარი მტკიცებულება, რომ ორი თავდამსხმელი, რომელზედაც მედიაშია საუბარი, იღებს ყოველთვიურ, 500 ლარიან დახმარებას.

ჩვენ გვაქვს იდეალური მაგალითი კორცხელის, რომლის მონაწილეებიც ასევე თბილისის მერიის ამ პროგრამიდან იღებდნენ 500 ლარიან დანამატს და ზოგი მათგანი დღემდეც იღებს. ჩვენ ვნახეთ ის ურბილესი, ფაქტობრივად, სასჯელის გარეშე დატოვებული დანაშაული. ასე, რომ არანაირი მოლოდინი, ხელისუფლების შეცვლამდე, რომ ეს ყველაფერი გამოძიებული იქნება და მოძალადეები დასჯილნი იქნებიან, არ არსებობს", - თქვა ირაკლი აბესაძემ.

როგორც გუშინდელი აქციის მონაწილეები ამბობენ, მათ აღნიშნულის შესახებ მალევე შეატყობინეს პოლიციას ასევე მიაწოდეს ფოტო და ვიდეომასალები. ასევე უფლებადამცველები ძალოვან უწყებებს მოუწოდებენ განახორციელონ შესაბამისი რეაგირება.


close დახურვა