ყოფილი პრემიერმინისტრი, პარტია საქართველოსთვის თავმჯდომარე, გიორგი გახარია 5 ივლისს განხორციელებულ ძალადობაში პატრიარქის პასუხისმგებლობას ვერ ხედავს.
როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, "ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება პრაიდის მოწინააღმდეგე და ეს ნორმალურია".
"კატეგორიულად არ ვიზიარებ, რომ ეს პატრიარქის პასუხისმგებლობაა, შეუძლებელია ფიზიკური ძალადობით რაიმე პოზიტიური შედეგის მიღწევა. ყველაზე უკეთ ეს ესმის ქართულ ეკლესიას და საქართველოს პატრიარქს",- თქვა გახარიამ.
გახარიას თქმით, ნებისმიერი მოქალაქის გამოხატვის თავისუფლების დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა.
"ქართული ეკლესია ყოველთვის იქნება პრაიდის მოწინააღმდეგე და ეს ნორმალურია, ისევე, როგორც ქართულ საზოგადოებაში ყოველთვის იქნებიან ადამიანები, რომლებისთვისაც პრაიდის ასეთი ფორმით ჩატარება მიუღებელია და რომელთა გამოხატვის თავისუფლებაც ასევე უნდა იყოს დაცული. ესაა დემოკრატია, დემოკრატია ასე მუშაობს. ჩვენ კი არ უნდა ვცემოთ ერთმანეთი, უნდა დავსხდეთ და ვისაუბროთ. უმცირესობა იქნება თუ უმრავლესობა, მათი გამოხატვის თავისუფლება სახელმწიფომ მშვიდობიანად უნდა დაიცვას და ეს არის სახელმწიფოს ძირითადი პოზიტიური ფუნქცია და არა ის, რომ გაგვაფრთხილოს, წავიდეს მერე და ბუჩქებში დაიმალოს", - თქვა გახარიამ.
ღირსების მარშის ჩატარების დღეს რუსთაველის გამზირზე ძალადობა ორგანიზებულად მიმდინარეობდა.
პრორუსული, ძალადობრივი ჯგუფები, რომლებიც იქ თითქოს 18:00 საათზე დანიშნული ღირსების მარშის ჩასაშლელად მივიდნენ, დილიდან შეიკრიბნენ.
რამდენიმე წუთში აიღეს პარლამენტის წინ განლაგებული ოპოზიციური კარვები, მიიჭრნენ მოძრაობა სირცხვილიას და თბილისი პრაიდის ოფისებთან, პარალელურად კი ჟურნალისტების მიზანმიმართული დევნა და მათზე ძალადობა დაიწყო. დაამტვრიეს მედიების ტექნიკა და ჟურნალისტების პირადი ნივთები.
შსს-ს ინფორმაციით, გუშინდელ ძალადობრივ და ჰომოფობიურ აქციაზე ძალადობის 55 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 53 მედიის წარმომადგენელი იყო.