საზოგადობის დიდი ნაწილის უკმაყოფილების შემდეგ, მთავრობამ მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო. შეზღუდვა გაუქმდა საქალაქთაშორისო მიმოსვლაზეც, მუშაობას 2 დღეში განაახლებს საქართველოს რკინიგზაც. თუმცა დღეს არც მთავრობის მეთაურს და არც დედაქალაქის მერს უთქვამს, როგორ მოხდება პანდემიის დროს გამოცხადებული მთავარი რეკომენდაციის, დისტანციის დაცვა საზოგადოებრივ ტრანსპორტში. ცნობილი მხოლოდ ის არის, რომ მგზავრობისას პირბადის ტარება სავალდებულო იქნება, ტრანსპორტში კი კონდიცირება არ ჩაირთვება.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებითვე 1 ივნისიდან გაიხსნება ღია რესტორნები, კაფე-ბარები , დახურული სივრცეები და სასტუმროები კი 8 ივნისიდან. თუმცა სფეროს წარმომადგენლები ამბობენ რომ ეს შეუძლებელია.
სასტუმროებისა და რესტორნების გაერთიანებაში ამ დრომდე ელოდებიან საკოორდინაციო საბჭოსგან კონკრეტულ რეკომენდაციებს, რომელთა დაცვაც სავალდებულო იქნება. როგორც ირკვევა მთავრობამ 2 კვირის წინ, მისივე შემუშავებული შეზღუდვების პაკეტი არ დაამტკიცა - ბიზნესი კი ახლა გაურკვევლობაშია.
კერძო ბიზნესის პრობლემას წარმოადგენს გადაწყვეტილების სამართლებრივი ნაწილიც - მათი თქმით, არსებული ფინანსური ვალდებულებების შესრულება მოუწევთ, თუმცა რეალურად ამის შესაძლებლობა არ ექნებათ - რაც ათასობით საშუალო და მცირე მეწარმეებს გაკოტრებამდე მიიყვანს.
1 ივნისიდან გაიხსნება დიდი მოლები, ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის მაღაზიებიც - თუმცა რეგულაციების გამო, გაუქმდება გამოსაცვლელი ოთახები. იმ შემთხვევაში კი თუ მომხმარებელი შეძენილ ნივთს უკან დააბრუნებს, მისი ხელმეორედ სარეალიზაციოდ გამოტანა 48 საათში , სპეციალური დამუშავების შემდეგ იქნება შესაძლებელი.
ოპოზიცია შეზღუდვების გაუქმებას დაგვიანებულს უწოდებს და მთავრობას, მეტი წინდახედულობისკენ მოუწოდებს. მათი შეფასებით, მთავრობა ამ მიმართულებითაც გეგმის გარეშე მოქმედებს.
31 მაისიდან მუშაობას განაახლებენ მუნიციპალური მომსახურების ცენტრებიც. სავარაუდოდ ივლისიდან გაიხსნება გასართობი ცენტრები და სპორტული დარბაზები.
სპეციალური რეკომენდაციების დაცვა მოუწევს საზღვაო კურორტებზე დამსვენებლებს. პლაჟზე სავარაუდოდ 2 მეტრიანი დისტანცია სავალდებულო იქნება - თუმცა ამ დრომდე უცნობია, რა რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ ოჯახებს და იმ დაწესებულებებს, რომელთა ძირითადად სეზონურ შემოსავალზე არიან დამოკიდებულნი.