პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ამბობს, რომ ითანამშრომლებენ ნებისმიერ პლატფორმასთან, სადაც აუცილებელი იქნება საქართველოს ევროპული პერსპექტივის დაცვა.
ეს განცხადება მან TV პირველის ეთერში გააკეთა და პარტია ლელოს ინიციატივას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, უნდა შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა, რომელშიც მამუკა ხაზარაძის თქმით, უმნიშვნელოვანესი იქნება პრეზიდენტთან მჭიდრო კოორდინაცია.
"ჩვენ დღესაც ვთანამშრომლობთ ქალბატონ პრეზიდენტთან ამ მიმართულებით ამ პლატფორმის განხილვის საკითხებში და კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ ვიქნებით ყველგან იქ, სადაც საქართველოს ევროპული მომავალი იქნება დასაცავი. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენთვის, ვის მიერ იქნება დაორგანიზებული ეს ან ვისი ინიციატივა იქნება. დღეს ყველა ჩვენთვის, საქართველოს მოქალაქეებისთვის ეროვნული დონის ამოცანაა დავიცვათ ჩვენი შვილების ევროპული მომავალი, იმ შვილების, რომლებიც დღეს უკვე ევროპელები არიან და საქართველოს ქუჩებში დგანან და რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით ყველგან, სადაც ეს იქნება აუცილებელი. [...] ნებისმიერი პლატფორმა, სადაც იქნება აუცილებელი დავიცვათ საქართველოს ევროპული პერსპექტივა, ჩვენ იქ ვიქნებით", - თქვა გახარიამ.
ლელო გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ეროვნული წინააღმდეგობის ევროპული პლატფორმა, რომელშიც მისივე თქმით, უმნიშვნელოვანესი იქნება პრეზიდენტთან მჭიდრო კოორდინაცია.
პარტია აცხადებს მორატორიუმს და ყველა ოპოზიციურ პარტიას მოუწოდებს ურთიერთთავდაუსხმელობისკენ.
ცოტა ხნის წინ განცხადება გააკეთეს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში და თქვეს, რომ ამ ვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანია პროევროპული და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების გაერთიანება.