logo
ENG



გახარიას პარტია ზურაბიშვილის წარდგენილ ქართულ ქარტიას ხელს არ მოაწერს

03 ივნ 202412:13
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ წარდგენილ ქართულ ქარტიას ხელს არ მოაწერს.

როგორც პარტიის წევრმა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე თქვა, ქარტიით გათვალისწინებულ რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა და დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს გიორგი გახარიას გუნდი არ ეთანხმება.

თუმცა, ამასთან პარტიაში ამბობენ, რომ სრულად უერთდებიან პრეზიდენტის ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს და იღებენ პოლიტიკურ ვალდებულებას ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე.

"გვსურს კიდევ ერთხელ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, რომელმაც ამ რთულ დროს ღირსეულად წარმოადგინა საქართველოს ინტერესები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე საერთაშორისო ასპარეზზე. პრეზიდენტთან კონსულტაციის შემდეგ საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ პარტია გახარია საქართველოსთვის სრულად უერთდება პრეზიდენტის მიერ ინიციირებული ქართული ქარტიით გათვალისწინებული რეფორმების ნაწილს და იღებს პოლიტიკურ ვალდებულებას, ამ რეფორმების გატარების მხარდაჭერაზე.

რაც შეეხება ქარტიით გათვალისწინებული რიგგარეშე არჩევნების ჩატარებისა და შესაბამისად, დროებითი მთავრობის ფორმირების საკითხს, მიგვაჩნია, რომ ამ საკითხზე მსჯელობა პოლიტიკურ და სამართლებრივ ჩიხამდე მიდის. რიგგარეშე არჩევნებზე საუბარი 26 ოქტომბრის, როგორც გადამწყვეტი არჩევნების მნიშვნელობას აზიანებს, შესაბამისად, ჩვენი გუნდი ამ საკითხსა და შემოთავაზებული სახით მთავრობის ფორმირებაზე პასუხისმგებლობას ვერ აიღებს, ამიტომ ვერ მოაწერს წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს.

გვესმის ერთიანობის ფასი, მაგრამ ასეთი ერთიანობა უნდა ეფუძნებოდეს საერთო მიზანს, ასეთი მიზანი კი დღეს ყველა ჩვენგანისთვის პირველ რიგში არის არჩევნების თავისუფალ, სამართლიან და კონკურენტულ გარემოში ჩატარება. ამიტომ, უპირველეს ამოცანად მიგვაჩნია გაერთიანება საქართველოს მოქალაქეების არჩევნების დასაცავად, არჩევნების დაცვისა და ამ მიზნის ირგვლივ გაერთიანებაში.

პრეზიდენტის როლი, როგორც დამოუკიდებელი, კონსტიტუციური ინსტიტუტის არის გადამწყვეტი. მისი როლი უნდა იყოს არა მხოლოდ პოლიტიკური ძალების, არამედ საზოგადოების, ახალგაზრდების და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების გაერთიანების ირგვლივ, ამიტომ უნდა შეიქმნას პრეზიდენტის ინსტიტუტთან ერთობა, რომელიც საზოგადოების ეროვნულ საპროტესტო ენერგიას გარდაქმნის კონკრეტულ სამოქმედო გეგმად საარჩევნო უბნებზე საქართველოს მოქალაქეების ხმების დასაცავად", - თქვა ბექა ლილუაშვილმა ბრიფინგზე.

დღეს, პოლიტიკური პარტიები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ "ქართულ ქარტიას“ მოაწერენ ხელს. 

როგორც ცნობილია, დოკუმენტს ხელს ოპოზიციური პარტიების დიდი ნაწილი აწერს, თუმცა არიან პარტიები, რომელთაც ქარტიაში მოყვანილ საკითხებთან დაკავშირებით კითხვები აქვთ და ქარტიაზე ხელმოწერას ამ ეტაპზე არ აპირებენ.

"ქართული ქარტია“, რომელიც სამოქმედო გეგმას გულისხმობს, პრეზიდენტმა 26 მაისს წარადგინა და პოლიტიკურ პარტიებს მის ირგვლივ შეჯერება შესთავაზა.

ამასთან, ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ქართული ქარტიის“ ირგვლივ თანხმობა არ მოითხოვს და არ გულისხმობს არც ერთიან სიას და არც რაიმე სხვა ფორმით აუცილებელ გაერთიანებებს. ქარტიის თანახმად, მთავრობის დაკომპლექტების პროცესი პრეზიდენტთან კოორდინაციით ჩატარდება.

ქარტიაში საუბარია "ქვეყნის ევროპული კურსისათვის დამაზიანებელი კანონების გაუქმებაზე“, მართლმსაჯულების სისტემის გათავისუფლებასა და ნდობის აღდგენაზე, საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებასა და ახალი პოლიტიკური რეალობის შექმნაზე.


close დახურვა