logo
ENG



გახარიას პარტია თავმჯდომარეებად თავის კანდიდატებს წარადგენს იქ, სადაც გადამწყვეტი ხმა აქვს

22 ნოე 202113:10
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი გახარიას პარტია იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც გადამწყვეტი ხმის მქონე მანდატებით არის წარმოდგენილი, საკრებულოს თავმჯდომარის პოზიციაზე თავის კანდიდატებს წარადგენს. 

პარტიის მდივანმა, კახა ქემოკლიძემ ბრფინგზე თქვა, რომ, მათი წარმოდგენით, ამ კონფიგურაციაში, მათ კანდიდატებს მხარს დაუჭერენ როგორც ქართული ოცნების, ისე ნაციონალური მოძრაობის წევრები. 

"ეს არის ჩვენი მხრიდან კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი, იმისთვის, რათა ვიმოქმედოთ ქვეყნის, თითოეული მუნიციპალიტეტის და მოქალაქეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი ტიპის კრიზისი მუნიციპალურ საკრებულოებში, რომლებმაც კონტროლი უნდა გაუწიონ ადგილობრივ აღმასრულებელ რგოლს.

მოვუწოდებთ ორივე პოლიტიკურ პარტიას გაიაზრონ ის პასუხისმგებლობა, რასაც მათ საზოგადოება ნდობისა და მანდატის სახით ანიჭებს". - თქვა ქემოკლიძემ

მან ასევე მიმართა მმართველ პარტიას, "არ გაბედოს" 2022 წლის მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება წინა მოწვევის საკრებულოებით

"კიდევ ერთხელ მივმართავთ ოცნებას, არ გააგრძელოს პოლიტიკური თაღლითობა და არ გაბედოს მუნიციპალური ბიუჯეტების დამტკიცება ახალი საკრებულოების შეკრებამდე.

ხოლო საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ - დაუყოვნებლივ მოიწვიოს ახალარჩეული მუნიციპალიტეტების საკრებულოების სხდომები". - თქვა კახა ქემოკლიძემ

2021 წლის არჩევნების შედეგად, ქართულმა ოცნებამ უმრავლესობა 7 მუნიციპალიტეტის საკრებულოში დაკარგა: წალენჯიხის, ზუგდიდის, მარტვილის, ჩხოროწყუს, სენაკის, რუსთავის და ბათუმის.  სწორედ ამ მუნიციპალიტეტების საკრებულოებში აქვს გახარიას პარტიას გადამწყვეტი ხმები. 


close დახურვა