logo
ENG



გახარიას პარტიიდან გარიცხული წევრი ყოფილ თანაგუნდელებს ზეწოლასა და შანტაჟში ადანაშაულებს

06 ნოე 202311:48
3 წუთის საკითხავი
 

პარტიიდან საქართველოსთვის რამდენიმე დღის წინ გარიცხული ბათუმის საკრებულოს წევრი ნატალია ძიძიგური ყოფილი თანაგუნდელების მხრიდან ზეწოლასა და პირადი ცხოვრების დეტალებით შანტაჟზე საუბრობს. ნატალია ძიძიგური ასახელებს ბათუმის საკრებულოს წევრ აკაკი გვიანიძეს, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ზეწოლა პარტიის ლიდერების მხრიდან ხორციელდებოდა, რის შესახებაც თავად გიორგი გახარიამაც იცოდა.

ნატალია ძიძიგური ამტკიცებს, რომ მას აიძულებდნენ შესულიყო ფრაქციაში, რომლის თავმჯდომარეც იქნებოდა აკაკი გვიანიძე, რაზეც მან თქვა უარი. ის ასევე ამტკიცებს, რომ გიორგი გახარიას პარტია ნაციონალურ მოძრაობასთან ერთად მოქმედებს.

"გამრიცხეს პარტიიდან იმის გამო, რომ მე არ შევუერთდი ნაციონალურ მოძრაობას, არ ჩავშალე სხდომა და არ გავაღრმავე ის მიდგომები, რომლებიც ზოგადად ნაციონალურ მოძრაობას აქვს - კრიზისი, არეულობა, დაძაბულობა საკრებულოში და ბათუმის საკრებულო არ იმსახურებს ამას.

ბოლო ერთი წელია ჩემზე ხორციელდებოდა ზეწოლა, დაშანტაჟება, იძულება იმისთვის, რომ შემექმნა ფრაქცია, რომელიც იქნებოდა ამ მიდგომების, კრიზისის გაღრმავების, დესტრუქციის და გაბოროტებული ხალხის სახე, რომლებიც მებრძვიან მე, როგორც ქალ პოლიტიკოსს. ეს საკმაოდ მაღალი თანამდებობის პირები არიან - შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ ეს იყო ბერდია სიჭინავა, შალვა კერესელიძე და რა თქმა უნდა, ამხელა ზეწოლა არ ხდება გიორგი გახარიას გარეშე. [...]

ის ადამიანი, ვისაც მოიაზრებდნენ ბათუმის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარედ, გახლავთ აკაკი გვიანიძე, რომელიც უნდა ყოფილიყო ამ ფრაქციის თავმჯდომარე და მან, მისმა კოლეგებმა, ჩემზე განახორციელეს გაუგონარი შავი პიარი, რომელიც მე დამიჯდა პრაქტიკულად სიცოცხლის ფასად. მათ გამოიყენეს ჩემი პირადი ცხოვრება, იმ პერიოდისთვის დაძაბულობა პირად ცხოვრებაში და ეს ადამიანი გამოიყენეს ჩემს წინააღმდეგ, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ ინსტრუმენტად. მე ამიგორეს ძალიან შავი, ბინძური პიარი და იმისთვის, რომ მე დამეცვა ჩემი თავი, ოჯახი, მივმართე კონკრეტულ ნაბიჯებს, მივმართე სასამართლოს, რომ მე ჩამომერეცხა ის სიბინძურე, რომელიც მე დამასხეს. აი, ასეთი მეთოდებით, ბინძური მეთოდებით ებრძვიან ხალხს, რომელიც იყო მათი ერთგული. ეს ძალიან სამწუხარო და დასანანია", - აცხადებს ნატალია ძიძირუგი. 

26 ოქტომბერს პარტიამ საქართველოსთვის საკუთარი რიგებიდან ორი წევრი გარიცხა. მათი თქმით, ქართულმა ოცნებამ მოისყიდა და გადაიბირა მათი წევრები -  ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ნატალია ძიძიგური და ქობულეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი შოთა გოგიტიძე, ისინი სწორედ ამიტომ გარიცხეს პარტიიდან.

პარტიის თქმით, გადაწყვეტილება იმის გამო მიიღეს, რომ ძიძიგური და გოგიტიძე არაერთხელ იქნენ შემჩნეულნი არაგუნდურ მოქმედებებში, გუნდის საზიანოდ გადადგმულ ნაბიჯებში და ხელისუფლებასთან ფარულ თანამშრომლობაში.


close დახურვა