logo
ENG



გახარიას პარტიის წევრი: ოცნება ჩვენს კანდიდატებს გუნდის დატოვებისთვის თანხას სთავაზობს

23 აგვ 202113:08
3 წუთის საკითხავი
 

ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ირაკლი მიქელაძე აცხადებს, რომ ხელისუფლება მათ კანდიდატებზე ზეწოლას ახორციელებს. კერძოდ, მისივე თქმით, კანდიდატებს სოლიდურ თანხას სთავაზობენ, რათა წარდგენების შემდგომ მათ გააკეთონ განცხადება გუნდის დატოვებაზე.

"ჩვენამდე მოვიდა ინფორმაცია, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ახორციელებენ ზეწოლას ჩვენს კანდიდატებზე და რიგ შემთხვევაში ხდება სოლიდური თანხის შეთავაზებაც კი, რომ წარდგენების შემდგომ მათ გააკეთონ განცხადება ჩვენი გუნდის დატოვებასთან დაკავშირებით, მოგეხსენებათ ამის გამოცდილება ჩვენ გვაქვს ბათუმის ოფისთან დაკავშირებით.

მინდა მივმართო ხელისუფლებას, რა ტიპის ძალადობაც არ უნდა განხორციელდეს, რა ტიპის  ზეწოლაც არ უნდა განხორციელდეს, რა ტიპის მოსყიდვა და შანტაჟიც არ უნდა განხორციელდეს - ჩვენ თქვენ ნამდვილად ვერ შეგვაშინებთ და აუცილებლად ქართველი ხალხი გიპასუხეთ არჩევნებზე - აცხადებს მიქელაძე.

მან დღეს გამართულ ბრიფინგზე კონკრეტული გვარები არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ მიუხედავად ამ ადამიანების დაშინებისა, ხელისუფლება მათ აფრთხილებს.

"კონკრეტული მაგალითების მოყვანისგან სუბიექტური და ობიექტური მიზეზების გამო ამ ეტაპზე თავს შევიკავებ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს ინფორმაცია ჩვენამდე მოდის, რადგან ადამიანები, მიუხედავად მათი დაშინებისა აძლევენ თავს უფლებას, რომ გაგვაფრთხილონ ჩვენ ამის შესახებ და სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენ ამ ბრიფინგის განხორციელება.

დაშინების შემთხვევებიც არის და ხშირ შემთხვევაში სოლიდური თანხის შეთავაზებასაც კი ჰპირდებიან, თუ ისინი ამ ნაბიჯს გადადგამენ და წარდგენების შემდგომ საჯაროდ გააკეთებენ განცხადებას და დატოვებენ ჩვენს გუნდს. დაშინება მიმდინარეობს პროპორციულ სიაზეც, მაჟორიტარებზეც და ყველა სხვა იმ ადამიანზეც, ვისზეც თვლიან რომ მიუწვდებათ ხელი და ფიქრობენ რომ აქვთ იმის უნარი, რომ შეიძლება მათთან მუშაობა, მთელი აჭარის მასშტაბით", - განაცხადა ირაკლი მიქელაძემ.


close დახურვა