logo
ENG



გელათის მონასტრის სარეაბილიტაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს

24 თებ 202322:57
3 წუთის საკითხავი
clock 964
2023/02/24/fe7kllyut542jln.jpg

გელათის სამონასტრო კომპლექსში მიმდინარე სარესტავრაციო სამუშაოებს საპატრიარქო უხელმძღვანელებს. ამავე დროს, კულტურის სამინისტრო მიმდინარე სამუშაოებს ფინანსურად უზრუნველყოფს. ამის შესახებ მინისტრმა თეა წულუკიანმა ისაუბრა.

დღეს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში გელათის რეაბილიტაციის საკითხზე გაფართოებული შეხვედრა ჩატარდა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორს საპატრიარქოს წარმომადგენლები, ისე მინისტრი და ექსპერტები.

"შევთანხმდით შემდეგზე, რომ საქართველოს საპატრიარქო იზიარებს ჩემს ინიციატივას, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში პრობლემების აღმოფხვრის პროცესს, კონსერვაციის პროცესს და რესტავრაციის პროცესს, როცა ამის დრო დადგება, როგორც კედლის მხატვრობაზე, ასევე გადახურვაზე სრულად სათავეში ჩაუდგეს საქართველოს საპატრიარქო და სამინისტრო აღარ იყოს ამ პროცესში წამყვანი. სამინისტრო იმ ფინანსურ რესურსს, რომელიც თავად უნდა დაეხარჯა, გადასცემს საქართველოს საპატრიარქოს და ის ამ ფინანსური რესურსით შეძლებს, წარმართოს პრობლემების აღმოფხვრის პროცესი, როგორც ძირითადი ტაძრის შიგნით და გარშემო, ასევე სხვა კომპლექსის კომპონენტებთან დაკავშირებით", - განაცხადა წულუკიანმა.

მისივე თქმით, საპატრიარქოს გადაეცემა 900 ათასი ლარის ღირებულების ხარაჩოებიც. ამასთანავე, დისკუსიის პლატფორმა და ფორმატი იქნება საქართველოს საპატრიარქოში, მათი თაოსნობით.

"სწორედ იქ შეეძლება ყველა ხელოვნებათმცოდნეს, პროფესიონალს მონაწილეობის საშუალება და იმედი მაქვს, პოლიტიკისგან დაცლილ დისკუსიაში მიიღებენ მონაწილეობას. გასაგებია, რომ საქართველოს საპატრიარქოში ვერავინ ვერ შეიტანს პოლიტიკურ ელემენტს და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან კარგი იქნება სამომავლოდ ძეგლის ინტერესიდან გამომდინარე. ასე განაწილდა პასუხისმგებლობები", - თქვა წულუკიანმა.

***

2020 წელს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტომ გელათის მონასტერი დროებით თუნუქით გადახურა. სპეციალისტები ამბობდნენ, რომ ეს პროექტი ზამთარში გელათის ფრესკებს ვერ დაიცავდა. ამასთან, იტალიელმა რესტავრატორმა შეიმუშავა დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სარესტავრაციო სამუშაოებში "დაშვებულია მძიმე მეთოდური შეცდომები, რაც ძეგლზე უმძიმესად იმოქმედებს".

იუნესკოს შეფასებით, ღვთისმშობლის ტაძარზე ცოტა ხნის წინ დამონტაჟებული კრამიტის სახურავი და წმინდა გიორგის ტაძარში ტენიანობის მუდმივმა პრობლემებმა დააზიანა კედლების მხატვრობა და მოზაიკა ორივე ეკლესიის შიგნით, რაც მის უნივერსალურ ღირებულებაზე უარყოფით გავლენას ახდენს. 

გადახურვის შემსრულებელმა კომპანიამ და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ დაშვებული შეცდომები ნაწილობრივ მას შემდეგ აღიარა, რაც შაბათის ფორმულაში ამ თემაზე სიუჟეტი გავიდა. გელათის რესტავრაცია რამდენიმე წელია, მიმდინარეობს, თუმცა, სახურავის ნაწილი დაზიანებულია და ფრესკებს წვიმის წყალი აფუჭებს. 

გელათის შესახებ 30 იანვარს ანგარიში ჩუბინიშვილის ცენტრმაც გამოაქვეყნა. გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ გელათის მოხატულ ტაძრებთან დაკავშირებული კრიზისი, რომელიც არაერთი წელია გრძელდება, მიუხედავად სახელმწიფო სტრუქტურების მცდელობისა, კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ძეგლის მართვასთან დაკავშირებული ფუნდამენტური პრობლემები მრავალმხრივია, გადაწყვეტილებების მიღების პროცესი კი უკიდურესად ცენტრალიზებული და გაუმჭვირვალეა. 

ანგარიშში ნათქვამია, რომ თეა წულუკიანის მინისტრობის პერიოდში დაქირავებული იტალიური ასოციაციის მიერ შემოთავაზებული მეთოდოლოგია და წარმოებული სამუშაოები უკიდურესად ნეგატიურად არის შეფასებული.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მსოფლიოს წამყვანი ექსპერტების აზრით, მოხატულობის მდგომარეობის მეტი დამძიმებისა და დამატებითი დაზიანების თავიდან ასაცილებლად, იტალიური ჯგუფის შემოთავაზებებისა და დასახული გეგმის დაუყოვნებლივ შეცვლა იყო საჭირო.

დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ ჩუბინაშვილის ცენტრში 31 იანვარს კულტურის სამინისტროს აუდიტის სამსახური შევიდა.

ამავე დროს, საპატრიარქო აცხადებს, რომ გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული "მდგომარეობა არათუ მძიმე, არამედ კრიტიკულია!".


close დახურვა