logo
ENG



გელხაური: არაა საკმარისი მტკიცებულებები, ამიტომ სჭირდებათ დრო, იქნებ რამენაირად შეაგროვონ

21 ივლ 202012:09
3 წუთის საკითხავი
 

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულების ადვოკატები ამბობენ, რომ ბრალდების მხარეს საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს და სწორედ ამიტომ მოითხოვა წინასასამართლო სხდომის ერთი თვის ვადით გაგრძელება.

არასრულწლოვან ზ.ხ.-ის ადვოკატის გიორგი გელხაურის თქმით, არანაირი მოლოდინი არ აქვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი დაუმძიმდება:

„არ არის საკმარისი მტკიცებულებები, რომ ამ პირებმა ჩაიდინეს მათზე ბრალად შერაცხული ქმედება. ზუსტად ამიტომ სჭირდებათ დამატებითი დრო - იქნებ რამენაირად შეაგროვონ დამატებითი მტკიცებულებები, რათა ბრალად შერაცხული ქმედებები სასამართლოში გააგრძელონ. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, ვადის გაგრძელების საშუალებას მათ კანონი არ აძლევს და მოუწიათ სასამართლოში საქმის არარსებული მტკიცებულებებით გაგზავნა. ზუსტად ამიტომ, არანაირი მოლოდინი არ გვაქვს, რომ ზ.ხ.-ს ბრალი დაუმძმდება. ერთი საქმეა - სრულწლოვნებზე მოითხოვეს ვადა, რადგან არაა მტკიცებულებები, მაშინ როგორ არის მტკიცებულებები არასრულწლოვნებთან მიმართებაში, რომლის საქმე სასამართლოში გაუშვეს?“, - ამბობს გელხაური.

ბრალდებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატის ვასილ მამულაშვილის თქმით, ერთთვიანი ვადის მოთხოვნა ნიშნავს, რომ მტკიცებულებები სრულყოფილად მოძიებული არაა და გამძიება მზად არ არის:

"აქ მხოლოდ 109-ე მუხლზე არაა საუბარი, ეს ადამიანები ითხოვენ თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობასთან დაკავშირებით ბრალდების ნაწილში - მათ არ აქვთ შესაძლო მტკიცებულებები, რომელიც ალბათობის მაღალ ხარისხს შექმნის. წინა სასამართლო სხდომაზე მაღალი ხარისხით უნდა გავიაროთ ეს მტკიცებულებები და დარწმუნებული ვარ, ეს ხარისხი არ არსებობს“, - აცხადებს მამულაშვილი.

წინასასამართლო სხდომის ვადის ერთი თვით გაგრძელების მოთხოვნაზე პროკურატურა ამბობს, რომ რადგან "საქმეზე სრულყოფილი გამოძიების ჩატარება მოითხოვს უკვე დანიშნული ათეულობით ექსპერტიზის დასრულებას, მოპოვებული ინფორმაციის ანალიზს და დამატებითი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებას, ბრალდების მხარე შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს, მხოლოდ სრულწლოვანი ბრალდებულების მიმართ დანიშნული წინასასამართლო სხდომის ვადის 1 თვით გაგრძელების შესახებ".

ეს არ შეეხება პატიმრობაში მყოფ არასრულწლოვნებს, რადგან, პროკურატურის თქმით, "არასრულწლოვანთან მართლმსაჯულების კოდექსით", სავალდებულოა მათ მიმართ წინასასამართლო სხდომა ჩატარდეს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებიდან არა უგვიანეს 40 დღისა, ამ ვადის გაგრძელებას კანონმდებლობა არ ითვალისწინებს

გიორგი შაქარაშვილი 19 ივნისს გაუჩინარდა - მისი ცხედარი 22 ივნისს იპოვეს მდინარე არაგვში.

ფეხბურთელის საქმეზე დანიშნულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ გარდაცვალების მიზეზი იყო ასფიქსია წყალში დახრჩობით.

ექსპერტიზის პასუხების შემდეგ გადაკვალიფიცრდა გამოძიება და დაემატა ახალი მუხლი - განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში, თუმცა, ამ მუხლით ბრალი ჯერ არავის წარდგენია.

გარდაცვალების საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ შორის არიან არასრულწლოვნებიც.

 

 

 


close დახურვა