უკანონოდ დაკავებული გენადი ბესტაევი ოკუპირებული ცხინვალიდან ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოიყვანეს და კლინიკაში მოათავსეს. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ციხეში ბესტაევს 15 ნოემბერს განუვითარდა ინსულტი, გვიან ღამით კი მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. უსაფრთხოების კომიტეტის განცხადებით, დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ბესტაევი ავადმყოფობის გამო შეიწყალა.
გენადი ბესტაევი რუსმა სამხედროებმა სოფელ ზარდიაანთკარიდან 2019 წლის 19 ნოემბერს გაიტაცეს. დე ფაქტო რეჟიმმა მას სამი წლით პატიმრობა მიუსაჯა.