logo
ENG



გენერალ ჰოჯესი: ანაკლიის პორტის პროექტი რუსეთის მცდელობით ჩაიშალა

06 თებ 202020:24
3 წუთის საკითხავი
 

გენერალ ჰოჯესის განცხადებას წინ უძღოდა ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოწოდება, ანაკლიის პროექტის დასრულების შესახებ. ერთი თვის წინ კი საქართველოში კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი იმყოფებოდა. უესლი კლარკის მთავარი გზავნილია, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს ამერიკული ინვესტიციით. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კრიტიკას და მოწოდებებს ისევ არ ისმენს და ირწმუნება, რომ ანაკლიის პორტი მთავრობის პრიორიტეტია და აუცილებლად აშენდება. მსგავსი გარანტიები კი ქვეყანაში რომ არ არსებობს, აცხადებენ საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებში, სადაც სჯერათ, რომ ბიძინა ივანიშვილმა სწორედ რუსეთის ინტერესებით მიზანმიმართულად შეაჩერა პროექტი. 

უფრო ზუსტად გენერალ ჰოჯესის განცხადება, რომ ანაკლიის პორტის პროექტი რუსეთის მცდელობით ჩაიშალა, საქართველოს ხელისუფლება კი კრემლის ზეწოლას დაემორჩილა - ქართველი ექსპერტებისთვის ორ რამეს ადასტურებს. მათთვის ნათელია რომ ანაკლიის პორტი ამერიკისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია და რუსეთმა ნამდვილად მოახდინა გავლენა პროექტის ჩაშლაზე. უსაფრთხოების სპეციალისტები ანაკლიაზე აშშ-ს სახელმწიფო მდივნის - მაიკ პომპეოს განცხადებებსაც იხსენებენ, რამაც რუსი მაღალჩინოსნები გააღიზიანა. 

კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო მაღალჩინოსანი, რომელმაც ერთი თვის წინ საქართველოში ვიზიტისას დახურული შეხვედრები გამართა მთავრობისა და ანაკლიის კონსორციუმთან, უესლი კლარკია. მან თქვა, რომ ანაკლიის პორტი აუცილებლად უნდა აშენდეს ამერიკული ინვესტიციით. საქართველოს პარტნიორების გზავნილებზე ანაკლიის კონსორციუმის ხელმძღვანელი საუბრობს, რომელიც ევროპარლამენტში ანაკლიის თემის განსახილველად შავი ზღვისა და უსაფრთხოების კონფერენციაზე მიიწვიეს. 

„ქართულ ოცნებაში“ კი ამერიკელი გენერლის განცხადებას არასწორს უწოდებენ და ამტკიცებენ, რომ პორტის აშენება კვლავ მთავრობის პრიორიტეტად რჩება. ვიცე - სპიკერი გია ვოლსკი კი რუსული კომპანიების ლობირებაში ანაკლიის კონსორციუმის დამფუძნებლებს ადანაშულებს

რუსული ინტერესების გატარების გამო აკრიტიკებს ხელისუფლებას ოპოზიციაც. პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ქვეყნის უსაფრთხოებას და პარტნიორებთან ურთიერობა ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლებას გამიზნულად აზიანებს, რაც მხოლოდ ხელისუფლების შეცვლით გამოსწორდება. 

ანაკლიის პორტს სპეციალისტებს ქვეყნისა და რეგიონის უსაფრთხოების გარანტიად აღიქვამენ, თუმცა არ ელიან, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მისი მშენებლობა რეალურად დაიწყება.


close დახურვა