გენერალური პროკურორი პროფესიით მარკშეიდერია - ის, რაც შალვა თადუმაძემ ოფიციალურ ბიოგრაფიაში არ ჩაწერა, გაარკვია „ფორმულამ“. დიპლომი, რომელიც უტყუარია, მოწმობს, რომ უზენაესი მოსამართლეობის კანდიდატი ტექნიკურ უნივერსიტეტში სწორედ იმ წლებში სწავლობდა, რაც ჰუმანიტარულ ინსტიტუტში სწავლის პერიოდად აქვს მითითებული.
გენერალური პროკურორისა და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატის ოფიციალურ ბიოგრაფიაში ვკითხულობთ, რომ შალვა თადუმაძე 1994 წლიდან 1999 წლამდე თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში სწავლობდა და მინიჭებული აქვს იურისტის კვალიფიკაცია. ბიოგრაფიაში არ წერია, რომ იმ წლებში, რომელიც ოფიციალურ ბიოგრაფიაშია მითითებული, თადუმაძე საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, სამთო-გეოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა. მას 1998 წელს აღებული აქვს ბაკალავრის დიპლომი სპეციალობით - გეოლოგიური საძიებო ტექნიკა და ტექნოლოგიები.
გენერალური პროკურორი რომ ნამდვილად მარკშეიდერია პროფესიით, ამას ტექნიკურ უნივერსიტეტის რექტორიც ადასტურებს. მისი თქმით, თადუმაძე მათი სტუდენტი იყო და დიპლომი 1998 წელს გადასცეს. რატომ გამოტოვა ოფიციალურ ბიოგრაფიაში თადუმაძემ სამთო-გეოლოგის ბაკალავრის ხარისხი, არავინ იცის, მაგრამ ფაქტია ამ შენობაში ის ბევრს ახსოვს.