უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა საოკუპაციო ძალების თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს. მათივე ცნობით, ერთი დღის განმავლობაში რუსებმა 1 რაკეტა ისროლეს და 27 საჰაერო დარტყმა განახორციელეს.
გენშტაბი ამბობს, რომ ოკუპანტებმა წარუმატებელი შეტევითი მოქმედებები ჩაატარეს ავდეევკასა და ლიმანის მიმართულებით. მათივე განცხადებით, გრძელდება თავდასხმის მცდელობები ბახმუტის მიმართულებით და იზრდება ავიაციის გამოყენების ინტენსივობა.
უწყება აღნიშნავს, რომ გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მტრის თავდასხმები მოიგერიეს ლუგანსკის ოლქისა და დონეცკის ოლქის დასახლებებში. ამასთან, გენშტაბის ინფორმაციით, რჩება ე.წ. კამიკაძე დრონების გამოყენების საფრთხე.