უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 10 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ხარკივის ოლქის გრიანიკოვკას, ლუჰანსკის ოლქის კრემენაიას, ბელოგოროვკას, დონეცკის ოლქის ვიიმკას, ფედოროვკას, ვასიუკოვკას, ბახმუტის, ივანოვსკოეს, კლიშივკას და ზაპოროჟიეს ოლქის ჟელეზნოდოროჟნოეს დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან 85 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 138 340 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.