უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 14 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ხარკივის ოლქის მასიუტივკას, ორლიანკას, ლუჰანსკის ოლქის ნოვოსელივსკეს, მიასოჟარივკას, მაკიივკას, ბილოჰორივკას, დონეცკის ოლქის სოლედარის, ბახმუტის, კრასნოჰორივკას, ვერხომაინსკეს, პერვომაისკეს, ნეველსკეს, მარინკას და პავლივკას დასახლებულ პუნქტებში", - განაცხადა გენერალურმა შტაბმა.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 4 სარაკეტო და 23 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. რუსული თავდასხმის შედეგად 25-ზე მეტი დასახლება დაზარალდა. მათ შორისაა ხარკივის, ლუჰანსკის, დონეცკის, ვინიცას, ზაპოროჟიეს, ხერსონისა და მიკოლაივის რეგიონები.
გენშტაბის თქმით, ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 16 დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 80 210 ჯარისკაცი დაკარგა.