უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 14 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის პლოშანკას, ბელოგოროვკას, ჩერვონოპოპოვკას და დონეცკის ოლქის რაზდოლოვკას, სოლის, კრასნა ჰორას, ბახმუტის, კლიშივკას, ვოდიანეს, კრემენაიას, პობედას, მაიორსკის, მარინკას და ველიკა ნოვოსელკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 15 საჰაერო და 5 სარაკეტო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 114 660 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.