უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 20 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ხარკივის ოლქის გრიანიკოვკას, სინკოვკას, ლუჰანსკის ოლქის სტელმახივკას, ჩერვონოპოპოვკას, კრემენაიას და დონეცკის ოლქის ვიიმკას, ფედოროვკას, დუბოვო-ვასილივკას, როზდოლოვკას, პარასკოვიევკას, ბერხოვკას, ბახმუტის, ივანოვსკოეს, ჩასოვ იარის, ვესელეს, ვოდიანეს, მარინკას, პობედას, ნოვომიხაილივკას და ვუჰლედარის დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 10 სარაკეტო და 29 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 142 270 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.