უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ბოლო ერთ დღეში უკრაინელებმა მტრის თავდასხმები 22 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
"ბოლო 24 საათის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსი ოკუპანტების თავდასხმები მოიგერიეს ლუჰანსკის ოლქის ნოვოსელივსკეს, ჩერვონოპოპოვკას, შილიპოვკას, ბელოგოროვკას და დონეცკის ოლქის ვერხნეკამენსკოეს, ფედოროვკას, ორეხოვო-ვასილევკას, დუბოვო-ვასილევკას, სპირნეს, ვიიმკას, ბახმუტის, კრასნა ჰორას, პარასკოვიევკას, ივანოვსკოეს, ჩასოვ იარის, კამენკას, ვოდიანეს, პერვომაისკეს, კრასნოჰოროვკას, ავდიივკას, მარინკას და ბოგოიავლენკას დასახლებულ პუნქტებში", - ნათქვამია განცხადებაში.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა 8 სარაკეტო და 21 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. ამასთან, გენშტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინის მასშტაბით მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე რჩება.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 134 100 ჯარისკაცი დაკარგა. გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.