უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, რუსებმა ზაპოროჟიეს ოლქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე სარაკეტო შეტევა განახორციელეს.
"დღის განმავლობაში მტერმა 5 საჰაერო დარტყმა განახორციელა თავდაცვის ძალების პოზიციებზე, სარაკეტო შეტევა კი ზაპოროჟიეს ოლქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე. მათ [რუსულმა ძალებმა] 20-ზე მეტი შეტევა განახორციელეს მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან.
მტრის ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია ბახმუტის მიმართულებით შეტევის განხორციელებაზე. მტერი ატარებს წარუმატებელ შეტევით ოპერაციებს ზაპოროჟიეს, ავდეევკას და ლიმანის მიმართულებით", - აცხადებს უკრაინის გენშტაბი.
გენშტაბის თქმით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა უკრაინაში 120 760 ჯარისკაცი დაკარგა. ამასთან, გენერალური შტაბი აღნიშნავს, რომ უკრაინულმა მხარემ სხვადასხვა რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა.