უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 11 დასახლებულ პუნქტში მტრის თავდასხმები მოიგერიეს.
გენშტაბში აცხადებენ, რომ ხერსონის რაიონის ზოგიერთ დასახლებაში ოკუპანტებმა თავიანთი პოზიციებიდან უკან დაიხიეს.
ამასთან, გენშტაბის ცნობით, ოკუპანტები აგრძელებენ საჰაერო დაზვერვას, სროლას უკრაინული შენაერთების პოზიციებზე და ცდილობენ, მიიღონ ზომები, რათა აღადგინონ დაკარგული პოზიციები ჯარების გადაადგილებით.
"ამავდროულად, ჩვენი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე რჩება საჰაერო და სარაკეტო დარტყმების შემდგომი საფრთხე. 11 სექტემბერს, ოკუპანტებმა უკრაინის ტერიტორიაზე მდებარე ობიექტებზე 16 სარაკეტო და 3 საჰაერო დარტყმა განახორციელეს. დაზარალდა 15 დასახლება, მათ შორის დერგაჩი, კრამატორსკი, კონსტანტინოვკა, დნეპრი, ვოზნესენსკი და ნიკოლაევი", - აცხადებენ გენშტაბში.
გენშტაბის ცნობით, ვოლინისა და პოლესეს მიმართულებებში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის. სხვა მიმართულებებზე კი დამპყრობლები სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ტანკებიდან, ნაღმმტყორცნებიდან, ქვემეხებიდან და სარაკეტო არტილერიიდან ისროდნენ.
***
6 სექტემბრიდან 5 დღის განმავლობაში უკრაინულმა არმიამ შეძლო, გაერღვია რუსული ხაზები, შეეღწია მათი დაცვის 70 კილომეტრის სიღრმეში და გაეთავისუფლებინა 3 000 კვადრატული კილომეტრი. ეს იმაზე მეტია, ვიდრე რუსებმა უკრაინაში აპრილიდან დაიკავეს.
ომის კვლევის ინსტიტუტის (ISW) ცნობით, უკრაინულმა ძალებმა მიაღწიეს რუსეთ-უკრაინის საზღვრიდან 15-25 კილომეტრში მდებარე პოზიციებამდე ჩრდილო-აღმოსავლეთ ხარკოვის ოლქში, იზიუმის ჩრდილოეთ გარეუბანსა და ლიმანის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანში და გაათავისუფლეს კუპიანსკის დასავლეთი ნახევარი.
ISW ასევე აცხადებს, რომ უკრაინა, კონტრშეტევის პირობებში, იზიუმს მაქსიმუმ 48 საათში გაათავისუფლებს, თუ ეს უკვე არ გაუკეთებია.
10 სექტემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა ბალაკლია-იზიუმიდან თავისი ჯარების გაყვანის შესახებ. რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის დაპყრობის შესახებ პირობების შეუსრულებლობა რუსეთის საინფორმაციო სივრცეს ანგრევს.
რუსული ძალები აგრძელებენ გადაჯგუფებას ფრონტზე ხერსონის ოლქში, მანამ, სანამ უკრაინული ძალები აწარმოებენ პოზიციურ ბრძოლებს და აგრძელებენ რუსეთის ლოჯისტიკური ხაზების განადგურების კამპანიას.