უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ცნობით, გასული დღის განმავლობაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების შეტევა დონეცკის ოლქის 8 დასახლებულ პუნქტში მოიგერიეს.
მათივე ცნობით, საოკუპაციო ძალებმა 11 სარაკეტო, 7 საჰაერო დარტყმა და 50-ზე მეტი შეტევა განახორციელეს - უწყება აცხადებს, რომ რაკეტები მოხვდა ხარკოვის ოლქში კუპიანსკისა და ჩუგუევის, დონეცკის ოლქში ბილენკას და ზაპოროჟიეში კომიშუვახასა და კუგუუმის. ამასთან, როგორც გენშტაბი წერს, ლიმანის, ავდივისა და ნოვოპავლივის მიმართულებით ჯგუფების გაძლიერების მიზნით, ოკუპანტების ძალების გადაჯგუფება მიმდინარეობს.
გენშტაბი, ასევე, აცხადებს, რომ ლუჰანსკის რეგიონში მოქმედი რუსეთის ქვედანაყოფებში დიდი რაოდენობით დანაკარგები აღინიშნება - რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაიზარდა სამოქალაქო კლინიკებიც, რომლებსაც საოკუპაციო ძალები ექსკლუზიურად რუსი სამხედრო მოსამსახურეების სამკურნალოდ იყენებენ, ხოლო რეგიონის მშვიდობიანი მოსახლეობისთვის სამედიცინო მომსახურება სულ უფრო და უფრო ნაკლებად ხელმისაწვდომი ხდება.
უწყების თქმით, დადასტურდა 24 ნოემბრისთვის რუსეთის დანაკარგები ზაპოროჟიის ოლქის დროებით ოკუპირებულ ნაწილში. კერძოდ, ქალაქ მელიტოპოლში განადგურდა ოკუპანტების საბრძოლო მასალის საცავი, 50-მდე ადამიანი დაშავდა სხვადასხვა ხარისხის სიმძიმით. ამასთან, ორი საწყობი განადგურდა ვასილივის რაიონში, სადაც 130-მდე ოკუპანტი დაიჭრა და განადგურდა 7 ერთეული სხვადასხვა ტიპის სამხედრო ტექნიკა. მათი ცნობით, ლიკვიდირებული მტრის პერსონალის რაოდენობა ზუსტდება.