გერმანიის ფედერალური პოლიციის წარმომადგენელმა გამოცემა Welt am Sonntag-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანია უკრაინაში რუსეთის ომის დანაშაულების რამდენიმე ასეულ შემთხვევას იძიებს.
მისი თქმით, ასევე იკვლევენ რუსეთის როგორც სამხედრო ასევე პოლიტიკური წარმომადგენლობის კავშირებს უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებთან.
„ამ დრომდე ჩვენ მივიღეთ სამნიშნა რიცხვების ოდენობის ეჭვმიტანილები"- განაცხადა ჰოლგერ მუნკმა, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის ოფისის ხელმძღვანელმა.
მისი თქმით, მიღებული მასალები მოიცავს არა მხოლოდ ომის დანაშაულებში მონაწილე ეჭვმიტანილ პირებს, ასევე პოლიტიკურ და სამხედრო ხელისუფლებას.
„ჩვენი მკაფიო მიზანია, ამოვიცნოთ ისინი, ვინც პასუხისმგებლები არიან ამ სისასტიკეებზე, რათა დავამტკიცოთ მათი ქმედებები ჩვენი გამოძიების გავლით და ისინი გავასამართლოთ“ - განაცხადა მან.
ქვეყანა დამნაშავეებს იმ უნივერსალური იურისდიქციის ფარგლებში გაასამართლებს, რომელიც უცხო ქვეყანას აძლევს უფლებას გამართოს სასამართლო პროცესები კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებზე, ომის დანაშაულებსა და გენოციდზე, განურჩევლად იმისა სად და ვინ ჩაიდინა ისინი.
თუმცა აღსანიშნავია, რომ რუსეთი იშვიათად ახდენს საკუთარი მოქალაქეების სხვა ქვეყნებში ექსტრადიციას, რაც იმას ნიშნავს, რომ გერმანიაში უკრაინაში ჩადენილ დანაშაულებში მონაწილე რუსეთის მოქალაქეების გასამართლება მათი პირდაპირი დაკავების გარეშე, შესაძლოა, რთული იყოს.