გერმანიის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანიამ დაადასტურა, რომ უკრაინას 56 Pbv-501 ტიპის საბრძოლო ტანკი გადასცემს. ამის შესახებ დღეს თავდაცვის მინისტრის სპიკერმა განაცხადა.
ასევე აღსანიშნავია, რომ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანალენა ბერბოკმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ გერმანია უკრაინას გაზრდილ სამხედრო დახმარებას აწვდის.
ბერბოკის თქმით, გერმანიას ეს წარსულში არ გაუკეთებია, თუმცა ახლმა სასტიკმა რეალობამ გერმანიის კურსი შეცვალა და ახლა უკრაინას სამხედრო იარაღი ეხმარებიან.
„ჩვენ იმ სიტუაციაში ვართ, როცა NATO უკრაინისადმი სოლიდარულია, მეორე მხარეს კი რუსეთია, რომელმაც ცხადჰყო, რომ მათთვის წითელი ხაზები არ არსებობს.
რაც წარსულში არ გაგვიკეთებია,ჩვენ გერმანიიდან მათ მხარს იარაღით ვუჭერთ, რადგან რეალობა სასტიკად შეიცვალა.
ჩვენ კურსი გერმანიაში 180 გრადუსით შევცვალეთ, რადგან უკრაინას სჭირდებოდა ჩვენი სამხედრო დახმარება. ჩვენ ყველაფერი ვცადეთ ამ ომის ასარიდებლად, მაგრამ საპირისპიროს გაკეთება პუტინის გადაწყვეტილება იყო და სწორედ ამიტომ ვაწვდით ახლა უკრაინას იარაღებს“ - განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
ბერბოკმა ასევე განაცხადა, რომ სანქციები პუტინის იზოლირებისთვის ეფექტური გზაა. თუმცა აღნიშნა, რომ რჩება ძლიერი ენერგოკავშირები რუსეთსა და ევროპას შორის, რომელთა გაწყვეტაც მნიშვნელოვანია. მისი თქმით, გერმანია ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს.