logo
ENG



გერმანიამ უკრაინას უფლება მისცა ხარკივთან, რუსეთის ტერიტორიაზე ბერლინის იარაღი გამოიყენოს

31 მაი 202415:33
3 წუთის საკითხავი
 
2024/05/31/bb8o50bgf0m6w39.jpeg

Reuters-ის ცნობით, გერმანიამ პარასკევს განაცხადა, რომ უკრაინას შეუძლია ბერლინის მიერ მიწოდებული იარაღი ხარკივის სასაზღვრო რეგიონში, რუსეთის ტერიტორიაზე, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გამოიყენოს, რათა თავი დაიცვას რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმებისგან.

ეს განცხადება გერმანიის მთავრობის სპიკერმა გააკეთა. მისი თქმით, გერმანიამ თავის მოკავშირეებთან ერთად რუსეთის მიერ ხარკივის რეგიონზე მიტანილი იერიშები განიხილა.

"ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ უკრაინას აქვს უფლება დაიცვას თავი თავდასხმებისგან, რაც საერთაშორისო კანონმდებლობითაა გარანტირებული. ამისთვის მას შეუძლია, საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, გამოიყენოს ამ მიზნით მიწოდებული იარაღი", - თქვა შტეფენ ჰებეშტრაიტმა.

მანამდე, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანულ მაკრონმა და გერმანიის პრემიერმა ოლაფ შოლცმა განაცხადეს, რომ უკრაინას უნდა მიეცეს საშუალება, რუსეთის შიდა ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტებს დაარტყას, თუმცა არა სხვა სამიზნეებს.

31 მაისს POLITICO-მ ორ ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით ასევე დაწერა, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინას ნებართვა მისცა, აშშ-ის მიერ მიწოდებული იარაღით რუსეთის შიგნით დარტყმების განხორციელების, თუმცა მხოლოდ ხარკივის რეგიონის მახლობლად.

ევროპის რიგმა ქვეყანამ, მათ შორის საფრანგეთმა, გერმანიამ და დიდმა ბრიტანეთმა, განაცხადეს, რომ მზად არიან იმ შეზღუდვის შესამსუბუქებლად, რომელიც უკრაინაში დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღის გამოყენებას ეხება. თუმცა ვაშინგტონი, რომელიც უკრაინისთვის იარაღის მსხვილი მიმწოდებელია, ესკალაციის მიზეზით წინააღმდეგი იყო.

ამასთან, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა პრაღაში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განაცხადა, რომ ვაშინგტონის პოზიცია უკრაინისთვის მიწოდებული იარაღის რუსეთის წინააღმდეგ გამოყენებასთან დაკავშირებით საჭიროებისამებრ კორექტირდება და ადაპტირდება.


close დახურვა