logo
ENG



გერმანიამ ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა

30 ნოე 202222:29
3 წუთის საკითხავი
 
2022/11/30/mwf6mu3isphiz9v.jpg

გერმანიის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ Twitter-ზე გაავრცელა და ბუნდესტაგის წევრებს გადაწყვეტილებისთვის მადლობა გადაუხადა.

"გერმანიამ 1932-1933 წლების ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა. მე მადლობას ვუხდი ბუნდესტაგის წევრებს ამ ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს", - წერს ის.

უკრაინული მედიის ცნობით, სოციალ-დემოკრატიული პარტიის, მწვანეების, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის, ასევე, ოპოზიციური ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის დეპუტატებმა არაპარტიული რეზოლუცია მოამზადეს, რომელშიც ისინი მხარს უჭერენ ჰოლოდომორის გენოციდად აღიარებას.

"შიმშილი და რეპრესიები შეეხო მთელს უკრაინას. დღევანდელი გადმოსახედიდან აშკარაა ამის ისტორიული და პოლიტიკური კლასიფიკაცია, როგორც გენოციდი. გერმანიის ბუნდესტაგი იზიარებს ამ კლასიფიკაციას", - ნათქვამია დოკუმენტში.

მათივე ცნობით, დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ იძულებითი შიმშილი მიზნად ისახავდა "უკრაინის ეროვნული ცნობიერების ჩახშობას", ხოლო შიმშილით მასობრივი სიკვდილი არ იყო მოსავლის უკმარისობის შედეგი, არამედ საბჭოთა კავშირის პოლიტიკური ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა იოსებ სტალინის მეთაურობით.

"აქედან გამომდინარე, ჰოლოდომორი არის დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ", - განაცხადეს დეპუტატებმა.

26 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ჰოლოდომორიდან 90 წლის შემდეგ რუსეთი საკვებს კვლავ იარაღად იყენებს. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმაც აღნიშნა, რომ რუსეთი დღეს უკრაინის ომში მსგავს ტაქტიკებს იყენებს - მისი თქმით, ოდესღაც უკრაინელების განადგურება შიმშილით უნდოდათ, ხოლო დღეს სიცივითა და სიბნელით.


close დახურვა