logo
ENG



გერმანიაში არჩევნების დღეა - მოსახლეობა ანგელა მერკელის შემცვლელს ირჩევს

26 სექ 202113:16
3 წუთის საკითხავი
clock 1103
2021/09/26/i3b8qmn0aieoepl.jpg

გერმანიაში ფედერალური არჩევნების დღეა - ამომრჩევლები, თითქმის 16-წლიანი მუშაობის შემდეგ, ანგელა მერკელის შემცვლელს ირჩევენ.

ევროპის ყველაზე დიდი ეკონომიკისა და 83 მლნ-ზე მეტი გერმანელის მომავალი ლიდერის ვინაობა ახლო მომავალში გაირკვევა.

საარჩევნო უბნები გერმანიაში ადგილობრივი დროით დილის რვა საათზე გაიხსნა და 18 საათზე დაიხურება.

მოქალაქეებს არჩევნებზე მისვლისკენ ქვეყნის პრეზიდენტმაც მოუწოდა და შემდეგი განცხადება გააკეთა:

„ვინც მონაწილეობას მიიღებს საარჩევნო პროცესში, მისი ხმა გაგონილი იქნება. ხოლო პასიური მოქალაქეები კი სხვებს მისცემენ საშუალებას, მათ ნაცვლად მიიღონ გადაწყვეტილება", - განაცხადა ფრანკ ვალტერ შტაინმაიერმა.

ფედერალურ არჩევნებს მრავალი გაურკვევლობა ახლავს თან.  მაგალითად, ბოლოდროინდელი კვლევები აჩვენებდა, რომ ამომრჩეველთა მესამედს ჯერ კიდევ არ ჰქონდა გადაწყვეტილი, ვის მისცემდა ხმას.

რამდენიმე თვეა, გერმანიაში წინასაარჩევნო კვლევები ტარდება - მათი შედეგები კი აჩვენებს, რომ გერმანიაში 1953 წლის შემდეგ პირველად, სავარაუდოდ, სამპარტიული კოალიცია ეყოლებათ. ბოლოს ჩატარებული კვლევების საფუძველზე პარტიების ფერების მიხედვით მკვლევრებმა შეადგინეს კოალიციების შესაძლო "ფერთა გამა". კოალიციების შესაძლო ვარიაციები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • "შუქნიშანი" - ამ კატეგორიაში ერთიანდება სამი პარტია: სოციალ-დემოკრატები, მწვანეები და თავისუფალი დემოკრატები. ამ პარტიების ფერებია, შესაბამისად, წითელი, მწვანე და ყვითელი;
  • "იამაიკა" - ქრისტიან-დემოკრატები, თავისუფალი დემოკრატები, მწვანეები;
  • "კენია" - ქრისტიან-დემოკრატები, სოციალ-დემოკრატები, მწვანეები;
  • "გერმანია" - ქრისტიან-დემოკრატები, სოციალ-დემოკრატები და თავისუფალი დემოკრატები;
  • "წითელი-წითელი-მწვანე" - სოციალ-დემოკრატები, მემარცხენეები და მწვანეები.

მკვლევრების აზრით, ყველაზე დიდი ალბათობით, ფედერალური არჩევნების შემდეგ გერმანიაში "შუქნიშანი" ან "იამაიკა" კოალიცია შედგება.


close დახურვა